შალვა ობგაიძე: 26 მაისის აქციაზე მე და ჩემს შვილს სასტიკად გაგვისწორდნენ

  საქალაქო სასამართლოში, ვანო მერაბიშვილის პროცესზე ,პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის შალვა ობგაიძის დაკითხვა დასრულდა. მოწმე შალვა ობგაიძემ დეტალურად გაიხსენა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის მოვლენები.
„მე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვიმყოფებოდი 26 მაისს აქციაზე. მინდოდა, ჩემი პროტესტი გამომეთქვა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და სურვილი მქონდა, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარებულიყო. დაახლოებით, 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყო აქციის დაშლა, თავდაპირველად დაიწყო რეზინის ტყვიების სროლა და გაზის გაშვება“, – განაცხადა შალვა ობგაიძემ.
მოწმემ მოსამართლეს ფოტომასალა გადასცა, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ უსწორდებოდა პოლიცია აქციის მონაწილეებს და, მათ შორის, შალვა ობგაიძის შვილს. ობგაიძის თქმით, 26 მაისს აქციის დარბევის დროს მომიტინგეებს შორის მოლოტოვის კოქტეილი არავის ჰქონია და, შესაბამისად, არავის გამოუყენებია.
„ჩემს შვილს მსუბუქი ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული, მას აქციის დაშლის დროს რეზინის ტყვია თავში მოხვდა.   სპეცრაზმელები ჩემი შვილის წინააღმდეგ ძალადობას იყენებდნენ. თავად მე ხელბორკილები დამადეს, წინააღმდეგობის გაწევა რომ მდომებოდა, ვერ გაუწევდი, ისინი ძალიან ბევრი იყნენ. ვხედავდი, თუ როგორ იწვნენ ადამიანები სისხლის გუბეში. მომიტინგეებს იარაღი არ ჰქონიათ, მათ მხოლოდ დროშები ეკავათ ხელში”,- აღნიშნა შალვა ობგაიძემ სასამართლო პროცესზე.
მოწმე შალვა ობგაიძის ჩვენების დროს ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა გახდა, რომელიც მერაბიშვილის ადვოკატებმა ბრალდების მხარის მოწმის, შალვა ოგბაიძის დაკითხვისას დააყენა. კერძოდ, ოგბაიძემ სასამართლოს წარუდგინა ფოტომასალა, სადაც, მისი თქმით, ასახულია, როგორ უსწორდებიან მას და მის ვაჟებს აქციაზე სპეცრაზმელები. მერაბიშვილის ადვოკატებმა მოწმისთვის ვიდეოფირის ჩვენების შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ კი მათ განუმარტა, რომ ამის საშუალება გამოკვლევის ეტაპზე ექნებათ. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მოწმეს ჰქონდა ფოტომასალის წარდგენის საშუალება, დაცვის მხარეს კი ვიდეოს ჩვენების საშუალება არ მიეცა, რაც უსამართლობაა. ამ მიზეზით შსს ყოფილმა მინისტრმა სასამართლო დარბაზი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები