მეწარმეები: ნედლი რძის წარმოების საწინააღმდეგო პროპაგანდა მიზანმართულად მიდის, რაც რძის ფხვნილის იმპორტიორების წისქვილზე ასხამს წყალს

ქვეყანაში ნედლი რძის წარმოების საწინააღმდეგო პროპაგანდა მიზანმართულად მიდის, რაც ნებსით თუ უნებლიეთ რძის ფხვნილის იმპორტიორების წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ ნედლი რძის მწარმოებლებმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ ეგიდით გამართულ პრესკონფერენციაზე
„საქართველოს მერძევეთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ, რძის გადამამუშავებელთა ასოციაცია „საქრძის” წარმომადგენელმა კახაბერ კონიაშვილმა, ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენელმა რუსუდან გიგაშვილმა რძის სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
მათი თქმით, ნედლი რძის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, რაც ფხვნილის მოხმარებას შეამცირებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ, მეწარმეთა ასოციაციები და მეორეს მხრივ სახელმწიფო, ცდილობენ მეწარმეები დაიცვან მერძევეობის სექტორში არსებული რეგულაციების ფონზე მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით წარმოჩენილი ინფორმაციებისგან, შედეგი მაინც დაბალია. იმ დროს, როდესაც აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ყოველდღიურად მრავალი სირთულის და ბარიერის რეჟიმში უწევთ მუშაობა, მედიის მხრიდან მცირე უზუსტობაც კი კიდევ უფრო ამძიმებს მათ რეალობას. რძის სექტორში არსებული პრობლემები საკმაოდ სენსიტიურია და ზედაპირული პუბლიკაციები და სიუჟეტები დარგს უფრო მეტ სირთულეს უქნის.
ქვეყანაში მიზანმართულად მიდის ნედლი რძის წარმოების საწინააღმდეგო პროპაგანდა, რაც ნებსით თუ უნებლიეთ რძის ფხვნილის იმპორტიორების წისქვილზე ასხამს წყალს“- განაცხადეს მეწარმეებმა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო წლების ტენდენციით, ნედლი რძის წარმოების შემცირების პირდაპირპროპორციულად ფხვნილის იმპორტი იზრდება.
„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ნედლი რძის წარმოება მაქსიმალურად წახალისებულია, ბევრგან
არის დოტაციაც, რადგან მერძევეობის ფერმა მოითხოვს განსაკუთრებულ შრომას, კვალიფიციურ მუშა-ხელს და მაღალ ინვესტიციას. საქართველოში კი რძის მწარმოებელი ფერმები სულ უფრო მცირდება მაღალი რისკების გამო“, – განაცხადეს მეწარმეებმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები