გუგული მაღრაძე: კატის გამოცდების გაუქმებას მხარს ვუჭერ

გუგული მაღრაძე კატის გამოცდების გაუქმებას მხარს უჭერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სკოლებში შეფასების საშუალებები და კრიტერიუმები არ იქნება. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა  პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გამოსვლის შეფასებისას ისაუბრა.

„ასეთნაირად, ორიენტაცია იმაზე კი არაა, რომ დაიზუთხოს რაღაც, გამოცდისთვის რაც სჭირდებოდა, არამედ ზოგადად მიიღოს ცოდნა, შეიმუშავოს უნარები, მიეჩვიოს კრიტიკულ აზროვნებას და ა. შ. და ა. შ.“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისი შეფასებით, დღეს, როდესაც მთელი აქცენტი გადატანილია გამოცდებზე, სკოლა საინტერესო აღარ არის.

„ჩვენ შეიძლება ერთი-ორი წელი გვქონდეს სიძნელეები, შეფერხებები, როგორ გადავალთ შეფასების ახალ სისტემებზე,  მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ ამას მივეჩვევით, იმიტომ, რომ მასწავლებლებიც გვყავს, მშობლებიც ამას გაიგებენ. რაც შეეხება უმაღლესს, მე მიმაჩნია, რომ რეციდივი კორუფციისა აღარ იქნება. იმიტომ, რომ გაიარა იმ დრომ, სტუდენტი ახლა  მოტივირებულია, თვითონ უნივერსიტეტსაც თავისი პრესტიჟი აქვს და მას არ უნდა ისეთი სტუდენტის მიღება, რომელიც   შემდეგ წარმატებით არ წარმოაჩენს მას. არის საერთაშორისო შეფასებები, ასე რომ ესეც დაძლევადია და არ შეიძლება იმის თქმა, რომ კორუფცია შეიძლება დაბრუნდეს. რაც შეეხება სკოლების დაყოფას ასაკობრივად, ეს იდეა  ნაცებსაც ჰქონდათ თავის დროზე, 2004-2008 წელში, მაგრამ ხარჯიანია ძალიან და მოერიდეთ. აი, ჩვენი ხელისუფლება კი არ ერიდება ამ ხარჯს“,  – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მან  ამერიკის შეერთებულ შტატების სკოლებში გამოყენებული შეფასების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ შეფასებები ყოველდღე კეთდება. ასევე, სემესტრის ბოლოს  წერითი დავალებები და კლასგარეშე აქტივობა ბარდება. მასწავლებელმაც იცის, როგორ უნდა შეაფასოს მოსწავლე ამის მიხედვით და მოსწავლემაც იცის, როგორ ფასდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები