კახა კალაძე: ძალიან ბევრი “ხრუშჩოვკა” გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და ჩანაცვლება აუცილებელია

ძალიან ბევრი “ხრუშჩოვკა” გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და ჩანაცვლება აუცილებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ვარკეთილში, მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ 3 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანებაზე ინტერესთა გამოხატვას ველოდებით. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებში უნდა მოხდეს ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება. პირველი ინტერესთა გამოხატვა ჩვენ უარყოფითი შედეგით დავასრულეთ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, რომელთაც ასე თუ ისე ინტერესი გააჩნიათ. მოვისმინეთ მათგან რა პრობლემებს ხედავდნენ, შესაბამისად, დაიხვეწა ეს პირობები და პირადად ჩემი და მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ ამჯერად ინტერესთა გამოხატვას მოჰყვეს მაღალი ინტერესი, ეს პროექტი შედგეს და იგი გახდეს ერთ-ერთი საპილოტე პროექტი.
3 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს 75 ათასი კვადრატული მეტრი. ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც უფრო მეტი ფართის გადაცემას დაჰპირდება თბილისის მერიას. მინიმალური შეთავაზება 7500 კვადრატული მეტრიდან დაიწყება. იმედი მაქვს, ეს შეთავაზება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტი კორპუსი ჩავანაცვლოთ.
ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მერიის ვებგვერდზე ინვესტორის განყოფილებაში. თუ ვინმესთვის ეს ინფორმაცია არ იქნება საკმარისი და დამატებითი დეტალების დაზუსტება გახდება საჭირო, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები