„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით დღეს თანამშრომლებმა ქარხნის ტერიტორიაზე აქცია გამართეს, რომელსაც გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელიც ესწრებოდა.
როგორც აქციის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, „ელმავალმშენებელში“ შრომითი დავა იწყება.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მისთვის ქარხანაში დასაქმებულთა პრობლემები ცნობილია და სწორედ ამიტომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დღესვე განცხადებით მიმართავს.
„ქარხნის თანამშრომლებს უკვე 6 თვეა ხელფასი არ აუღიათ, ქარხნის ადმინისტრაცია თანამშრომლებს, ისედაც მწირ ხელფასს, არ ურიგებს და ეს დავალიანება რამდენიმე თვეა გრძელდება. გარდა ხელფასებისა, ქარხანაში დასაქმებულ პირებს არ აქვთ შრომის კოდექსთან შესაბმისად გაფორმებული ხელშეკრულებები, არ არის გათვალისწინებული საშვებულებო დანამატი, ერთი სიტყვით, მთლიანად მოშლილია შრომითი ურთიერთობები ამ ქარხანაში. სწორედ ამიტომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ სამინისტროში შევიტანოთ წერილი, რომელსაც ხელს აწერენ ქარხანაში დასაქმებული ადამიანები. მოვითხოვეთ მედიატორი, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს ქარხნის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.
აღსანიშნავია, რომ „ელმავალმშენებელის“უფროსი, ვისზეც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ქარხანა გასხვისდა, ქარხანაში უკვე რამდენიმე თვეა არ გამოცხადებულა. ილარიონ ტუგბაევი საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოში არსებული საბანკო დავალიანების გამო, თბილისში არ ჩამოდის.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ქარხნის დირექტორს დავით გორგოძეს ქარხნის მმართველთან შრომითი ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა მისგან სიტყვიერ მითითებას იანვარში, მაინც ასრულებდა.
დავით გორგოძემ ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან რუს მმართველს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქე ილარიონ ტუგბაევმა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბანკიდან რამდენიმე მილიონიანი სესხი მიიღო, სანაცვლოდ კი „ელმავალმშენებელი“ დააბანდა.
სესხის პირობებს ვადა, სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს გასდის.
გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქემ ქარხნის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების ნაწილი სოლიდური თანხების სანაცვლოდ, კერძო პირებს მიჰყიდა.