ფოფხაძე ოხანაშვილზე: მიმაჩნია, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ შევარჩიეთ არასწორი ადამიანი არასწორი წესით

“ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ მივეცი ხმა, რაც ჩემი მხრიდან აბსოლუტურად ლოგიკურია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, იურიდიული კომიტეტი ახლა სასამართლო საკითხებთან დაკავშირებით, საკვანძო კომიტეტია, სადაც პარლამენტში უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების წარმართვა უნდა გადაწყდეს.
„ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია. მიმაჩნდა, რომ ამ პროცესის სანდოობისთვის უპრიანი ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა იქნებოდა. ეს საკითხი უმრავლესობაზე დავაყენე და მის კანდიდატურას კენჭი არ ეყარა. ვფიქრობ, სწორი იქნებოდა, უმრავლესობაზე შევთანხმებულიყავით პროცედურაზე, რათა ორივე კანდიდატურა ყოფილიყო. ეს შიდაპარტიული დემოკრატიის მაჩვენებელი და ცივილიზებული პარტიისთვის დამახასიათებელი პროცესი იქნებოდა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილი და ის წრე, რომელიც მის გარშემოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის მიმართ ლოიალურები არიან.
„იმ პროცესის მიმართ არიან ლოიალურები, რომელიც ყოვლად არაჯანსაღად მიდის. მეტი ობიექტურობისთვის ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა სასურველი იქნებოდა. თუ ის არ უნდოდათ, პარლამენტში სხვა ნეიტრალური ადამიანები არიან, რომელიც შეიძლებოდა, რომ შერჩეულიყო.
გარიცხვაზე ჩემი პოზიცია კენჭისყრაზე დავაფიქსირე, ახლა პარტიამ გადაწყვიტოს. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ არასწორი ადამიანი არასწორი წესით შევარჩიეთ. პარტიამ და პოლიტსაბჭომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე არასწორი განცხადება გააკეთა. რასაც დაუჭირა მხარი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. სრულებით მიუღებელია სასამართლოს თემებზე მარტო პარტიის ოფისში საუბარი. ამაზე ჩვენ ხალხთან ერთად უნდა ვილაპარაკოთ და გადაწყვეტილებებიც ასე უნდა მივიღოთ. ეს არის პროცედურები, ვიქნები თუ არა უმრავლესობაში. უმრავლესობაში თუ ვიქნები, ვიქნები ჩემი პრინციპებით, ღირებულებებითა და ხედვებით. ამ პოზიციით გედი ფოფხაძე თუ გუნდისთვის მისაღებია, მე ხელს გუნდს არ ვკრავ, მაგრამ მაშინ უნდა დავახლოვდეთ და ჩვენც უნდა ვიგრძნოთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. მმართველი პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები