დავით ზალკალიანი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ბოლო დროს გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და მას რუსული მედია მიზანმიმართულად ავრცელებს.
„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს და ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციონერები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მხარს უჭერენ. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგანაც მას რეალობასთან და სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
დავით ზალკალიანმა ასევე 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების დეტალები განმარტა, რომელიც კერძო შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„მოგეხსენებთ, რომ შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა და მხოლოდ ორ მხარეს, რუსეთსა და საქართველოს შორის, შეთანხმებას წარმოადგენს. ის სატრანზიტო კორიდორების მონიტორინგს ითვალისწინებს. რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსების თაობაზე არანაირი საუბარი არ არის. ყველაფერი ხსენებულ შეთანხმებასთან შესაბამისობაშია, ისევე, როგორც ეს ხელმოწერილი იყო 2011 წელს და დანარჩენი ყველაფერი სიცრუე და სპეკულაციებია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე ქართულ და რუსულ მხარეებს შორის შეხვედრები გაგრძელდება.
„ჩვენველით სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, სადაც ყველა ტექნიკური საკითხი განიხილება. საქართველოს დელეგაციაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იქნებიან და ჩვენი ეს პოზიცია ამ შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ გაჟღერდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი საერთო ამ დეზინფორმაციას რეალობასთან არ აქვს“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, ამ დრომდე ზემოაღნიშნული შეთანხმების რევიზია ან გადახედვა არ იგეგმება.
,,დადებული შეთანხმების არანაირი რევიზია არ მომხდარა და არც იგეგმება. ყველაფერი 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება და არანაირი საბაჟო ტერმინალების განთავსება საერთოდ შეთანხმებული კორიდორების მიღმა არ განიხილება და ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები