„მძღოლს არ მოუწევს დაზარალებულთან, ან დამზარალებელთან კონფლიქტი“-რას გულისხმობს ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მძღოლისთვის გარკვეული კომფორტი იქნება, მას არ მოუწევს დაზარალებულთან ან დამზარალებელ პირთან კონფლიქტში შესვლა, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, ავტომობილის შეკეთებაზე, ქონებრივ თუ ჯანმრთელობის ფინანსურ გარანტიებსა და ვალდებულებებზე პასუხისმგებელი სადაზღვეო კომპანია იქნება.
ლალიაშვილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ ინიციატივას დადებითად აფასებს.
„საუბარია სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, რაც ნიშნავს ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევას და გულისხმობს იმ მექანიზმის შემოღებას, რომელიც იქნება გავრცელებული ყველა საპტრანსპორტო საშუალებაზე .დღეს მოგეხსენებათ , ტრანსპორტის დაზღვევა ნებაყოფლობითია და ძალიან მცირე ნაწილი, დაახლოებით 40 ათასამდე ავტომობილია დაზღვეული, აქ ძირითადად იურიდიული პირები, სახელმწიფო ავტომობილები შედის. ეს ქსელი გაფართოვდება. მოლოდინია იმისა, რომ თუ ეს ცვლილება შევა ძალაში, მთლიან პარკზე იმოქმედებს. გუშინ გავრცელდა ტარიფები,რაც სხვადასხვა კატეგორიის ტრანსპორტისთვის იქნება განსაზღვრული, ეს არის 100-დან 15-0 ლარამდე თანხა მსუბუქი ავტომობილისთვის. ჯერჯერობით ბევრი კითხვაა ამ პაკეტთან დაკავშირებით , რადგან შემუშავების პროცესში ჩართული მხარეები მაინცდამაინც არ ვყოფილვართ.
თუ ვივარაუდებთ იმ მოცემულობას, რაც გვაქვს, შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ მძღოლს მოუწევს წლიური 100-დან 150 ლარამდე თანხის გადახდა, იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ზარალის ანაზღაურიების ფინანსური გარანტიები ჰქონდეს, რ ასაც დაზღვევა უზრუნველყოფს. ეს არის ძალიან გამოცდილი მექანიზმი, რომლიც 50 წელზე მეტია მუშაობს ევროკავშრიის ქვეყანებში. ეს არის ვალდებულება, რომელიც ევროასოცირებით საქართველოზე ვრცელდება.
პირველი შეხედვით ჩვენი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, დადებითად აფასებს ამ შეთავაზებას.
საგზაო შემთხვევების რაოდენობა, რომელიც წლის განმავლობაში არის დაახლეობით 40 ათასი, ვიცით როგორია მძღოლების სოციალური მდგომარეობა. დამტვრეული ავტომობილების შეკეთების თემა ხდება კონფლიქტის საბაბი, ხდება მოტყუება, იმედგაცრუებები და ა.შ ამას თავიდან ავირიდებთ სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, რადგან ამ დროს ავტომობილის შეკეთებაზე, ქონებრივ თუ ჯანმრთელობის ფინანსურ გარანტიებსა და ვალდებულებებზე პასუხისმგებელი სადაზღვეო კომპანია იქნება. მძღოლისთვის ეს იქნება გარკვეული კომფორტი . მას არ მოუწევს დაზარალებულთან , ან დამზარალებელ პირთან კონფლიქტში შესვლა“- განაცხადა ლალიაშვილმა.
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, პარლამენტში ინიცირებისათვის მზად არის.
“სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ–ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა–პატრონობის და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისათვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისათვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისათვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.
კერძოდ, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;
მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;
ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი;
სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი;
მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი;
სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან მძღოლის გადაადგილება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე სანქციებს გამოიწვევს.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც უშუალოდ საქართველოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეხება.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციის ოდენობა. კერძოდ, პროექტით კონკრეტდება, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისას 100 ლარით დაჯარიმდება მოტოციკლის (რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარევა კი, 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72 საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება.
თამუნა შეყილაძე