ეთნოგრაფიულ მუზეუმში “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართა
“ღვინის კლუბის” ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე მეხუთედ “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას.
“ახალი ღვინის ფესტივალი” აერთიანებს როგორც ღვინის მწარმოებელ დიდ კომპანიებს, ასევე მცირე და საოჯახო მეურნეობებს.
,,ახალი ღვინის ფესტივალს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდა. მან სხვადასხვა სახეობის ღვინო დააგემოვნა და მწარმოებლებს გაესაუბრა.
მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ხარისხიანი ღვინის წარმოების სტიმულირებას. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოხდება ქართული ვაზის სხვადასხვა ჯიშების გამოყვანა-აღდგენა და მოსახლეობას ხარისხიანი ვაზის ნერგების შეძენის საშუალება მიეცემა.
ფესტივალს საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წლევანდელ ფესტივალს ბევრი უცხოელი სტუმარიც ჰყავდა.
2014 წლის ,,ახალი ღვინის ფესტივალზე“ საქართველოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილი იყო საოჯახო მარნების წარმოებული ღვინოები, ასევე თითქმის ყველა დიდი კომპანიის პროდუქცია.