პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა „ქალების მარში“, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ფილარმონიიდან ორბელიანების სასახლის გავლით მივიდნენ.
ორბელიანების სასახლესთან მარშის მონაწილეებთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა და სიტყვით მიმართა.
გარდა ამისა, დღევანდელ პროტესტს შეუერთდნენ კურსდამთავრებულებიც, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს.
მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 28-ე დღეა გრძელდება.
მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.