ნინო ვარდოსანიძე: დღეს დღესასწაულის ჩაშლის და ბავშვებისთვის ზეიმის წართმევის მცდელობებს ვხედავთ იმ ადამიანების თაოსნობით, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებს რუსთაველზე კონცერტით ხვდებოდნენ
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ და თბილისის მერის, კახა კალაძის, ანგარიშს ისმენენ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ. მან ოპოზიციის ლიდერებს მიმართა, რომლებიც, მისი განცხადებით, დაცლილი არიან ყოველგვარი ჯანსაღი კრიტიკისა და სახელმწიფოებრივი ქმედებებისგან.
„ჩვენ უკან ვხედავ ცარიელ სკამებს და ოპოზიციისგან დაცლილ დარბაზს. ოპოზიცია, თავის მხრივ, დაცლილია ყოველგვარი ჯანსაღი კრიტიკისგან და სახელმწიფოებრივი ქმედებებისგან. თვეზე მეტია, რაც თვალს ვადევნებთ ქუჩაში მიმდინარე პროცესებს და ქვეყანაში ქაოსის და მღელვარების შექმნის მცდელობას. განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ვიხილეთ არეულობის მცდელობები, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა რამდენიმე ისეთი შემთხვევა, რომელთა ნახვაც არავის ანიჭებს სიამოვნებას.
ჩემი გამოსვლა არის მიმართვა ოპოზიციური პარტიებისადმი, მათი ლიდერებისა და აგრესიულად განწყობილი ნაწილისადმი. არავინ ფიქრობს, რომ ეს პროცესები არ იმართება და ესა თუ ის შემთხვევა ოპოზიციის მიღმა არ ვითარდება. ამას ადასტურებს ის მასალები და მტკიცებულებები, რომლებიც მათ ოფისებში ინახებოდა. ჩვენ გამუდმებით ვხედავთ რეალობის საპირისპიროდ წარმოჩენის კამპანიას და ორმაგი სტანდარტებით საზოგადოების აზრზე მანიპულირებას. ეს ძალები ყველა იმ მეთოდით ცდილობენ ადამიანების დაშინებას, რომლებსაც თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იყენებდნენ. სამართალდამცავს მოიხსენიებენ ნიღბიანად, უწოდებენ დამნაშავეს, თავად კი სახედაფარულები ხშირად დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიან. გვესაუბრებიან სამშობლოს ღალატზე, თავად კი სხვების დავალებებს ასრულებენ. იჭრებოდნენ ტელევიზიებში გუშინ და დღესაც იჭრებიან ტელევიზიებში. გვახსოვს, იყო დრო, როდესაც კაბინეტებიდან გვიმახსოვრებდნენ, ახლა კი ოპოზიციის რიგებიდან იმუქრებიან. ბიზნესის რეკეტი ბიზნესის ბოიკოტით ჩაანაცვლეს. ისმის ბრალდებები ბულინგსა და აგრესიაზე, მაშინ როდესაც ბულინგი მათი დამკვიდრებულია. იბრძვიან დემოკრატიის სახელით და ფეხქვეშ თელავენ ყველა განსხვავებულ აზრს. რაც ყველაზე მთავარია, მომავალი თაობის სახელით ბავშვებს მახინჯ მაგალითს აძლევენ“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, ოპოზიციის ფსევდოლიდერები საზოგადოების წინაშე ბოლომდე გამოსვლასაც ვერ ბედავენ, რადგან კარგად იციან საკუთარი დანაშაულებები და რეიტინგი.
„ერთადერთი, რითაც ისინი წარმატებით ლიდერობენ, ეს არის ხალხის მოტყუება, ბულინგი და ადამიანებს შორის სიძულვილის თესვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ყველაფერს დიდი ხანია მოთმინებით აკვირდება და თავის პოზიციას არჩევნებზე აფიქსირებს. ასეთი არჩევანი გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ 26 ოქტომბერს და ამ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის ჩაშლის და ბავშვებისთვის ზეიმის წართმევის მცდელობებს ვხედავთ, განსაკუთრებით იმ ადამიანების თაოსნობით, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებს რუსთაველზე კონცერტით ხვდებოდნენ, ეს მცდელობებიც დროებითი და ფუჭია. დარწმუნებული ვარ, არეულობის გეგმა შეუსრულებელი დარჩება, მაგრამ შესრულდება ყველა ის დაპირება, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობას მისცა“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი თავის გამოსვლაში დედაქალაქის ბიუჯეტს და მერის ანგარიშსაც შეეხო. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებისთვის.