თბილისში, ბუნებრივი აირის სავარაუდო გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა
თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც „კვირას“ კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ პრესსამსახურში განუცხადეს,
შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, შვიდევე გარდაცვლილი სრულწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მუშები იყვნენ. თუმცა, რომელ კომპანიაში მუშაობდნენ ისინი ამ ეტაპზე უცნობია.
„ყაზტრანსგაზ -თბილისში“ განმარტავენ, რომ საცხოვრებელი სახლში, სადაც მუშები გარდაიცვალნენ, სავარაუდოდ CO-ს გაჟონვა მოხდა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ოთახში სადაც მუშები ცხოვრობდნენ, აკრძალული ღია წვის კამერიანი გამათბობელი ჰქონდათ დამონტაჟებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სავარაუდოდ გაზით ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტზე ადგილზეა პოლიცია, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.
მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.
