ოთარ ანგურიძე: ეკონომიკის ზრდა მთავრობის ეკონომიკურ ინიციატივებს უკავშირდება
თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელს აფასებს. როგორც მან აღნიშნა, გასული წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 4.8 პროცენტის ფარგლებში, მოცემულ ვითარებაში, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციის მაჩვენებლია.
„საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ სხვადასხვა მიმართულებით, ზრდის ტენდენციის შენარჩუნდება შეიძლება დავუკავშიროთ იმ ეკონომიკურ ინიციატივებს, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს. 2018 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი, 4.8 პროცენტის ფარგლებში, მოცემულ ვითარებაში, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციის მაჩვენებლია. საგულისხმოა, რომ ძირითადი ზრდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და ა.შ. ფიქსირდება. აქედან, მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი გაზრდილია 22.9%-ით და შეადგინა 3.36 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14.9%-ით და შეადგინა 9.1%. მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 17%-ით და შეადგინა 12,48 მლრდ აშშ დოლარი”, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.
მან ასევე, განსაკუთრებით გამოყო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის 10.2%-ით ზრდა, რომელმაც 7,6 მლრდ ლარი შეადგინა. მისი თქმით, მთლიანობაში გაზრდილია საბიუჯეტო შემოსავლებიც, რამაც 10,6 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო საბიუჯეტო ხარჯებმა – 9.5 მლრდ ლარი, საბანკო სექტორის მთლიანი გამოშვებაც ასევე გაიზარდა და გადააჭარბა 2 მლრდ ლარს.
ცნობისათვის, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.6 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტს, მეორე კვარტლის 5.6 პროცენტს, მესამე კვარტლის 3.7 პროცენტს, მეოთხე კვარტლის საშუალო ზრდა 4.8 პროცენტს, ხოლო 2018 წლის საშუალო ზრდა 4.8 პროცენტს შეადგენს.