“იმათ საყურადღებოდ, ვინც „კოვიდ ფაშისტის“ ძახილით აპირებთ ჩიპების ჩადგმასა და მსგავს სისულეებზე წერას – გაიაზრეთ, რომ თქვენ გარშემო ყველა ბავშვი, მოზარდი აცრილია B ჰეპატიტზე და მათ არც ჩიპები აქვთ ჩადგმული და არც რქები და ჩლიქები ამოსვლიათ” – ინფექციონისტი
“განსაკუთრებულად მძიმე შეგრძნება მეუფლება, როცა პაციენტს ღვიძლის მძიმე დაზიანება აქვს და ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზს ვუსვამ”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ბუწაშვილი განმარტავს, რატომ ამახვილებს ყურადღებას მაინცდამაინც B ჰეპატიტზე.
“უამრავი სხვა პრობლემური დიაგნოზი არსებობს.
ეს დიაგნოზი განსაკუთრებით დამთრგუნველია იმიტომ, რომ წარმოვიდგენ ხოლმე, ამ ადამიანს ერთი, სულ პატარა ჩხვლეტა, ანუ B ჰეპატიტის აცრა, ამ სიტუაციას თავიდან ააცილებდა. ვიღაცას რომ ერჩია აცრილიყო, ან პირიქით, უკუღმართული რჩევა არ მიეცა „აცრა რად გინდა, ათას რამეს იწვევს“, ახლა ჯანმრთელი იქნებოდა, არ ექნებოდა ციროზი (ზოგჯერ ღვიძლის კიბო). ზოგს ასევე თანდართული აქვს D (იგივე დელტა) ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც მხოლოდ B ჰეპატიტის მქონეებს ემართება და კიდევ უფრო ართულებს ღვიძლის მდგომარეობას. აბა წარმოიდგინეთ, რა მძიმეა ამასთან შეგუება.
ისინი, ვინც 2003 წლის შემდეგ დაიბადა, ძირითადად აცრილები არიან (სამშობიაროში და შემდეგ რამდენიმე დოზა, როგორც ბავშვთა გეგმიური აცრების ნაწილი). ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში B ჰეპატიტი უკიდურესად იშვიათია და ეს პრობლემა ფაქტიურად მოგვარებულია. თუმცა მანამდე დაბადებულები არ არიან დაცულები და ხშირად რატომღაც არც ცდილობენ თავი დაიცვან ამ დაავადებისგან, ანუ აცრაზე უარს ამბობენ.
არადა, B ჰეპატიტის ვაქცინა უფასოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ასევე, უფასოა ვირუსზე და მის ანტისხეულებზე გამოკვლევა. თუ ანტისხეულები არ აღმოჩნდა, აუცილებელია აცრა.
იმათ საყურადღებოდ, ვინც „კოვიდ ფაშისტის“ ძახილით აპირებთ კომენტარებში გაჩენას და ჩიპების ჩადგმაზე და მსგავს სისულეებზე წერას, გაიხედ-გამოიხედეთ და გაიაზრეთ, რომ თქვენს გარშემო ყველა ბავშვი, მოზარდი, და უკვე ზრდასრული, 2003 წლის მერე დაბადებული ადამიანი, აცრილია B ჰეპატიტზე და მათ არც ჩიპები აქვთ ჩადგმული და არც რქები და ჩლიქები ამოსვლიათ. უბრალოდ B ჰეპატიტი, D ჰეპატიტი და მათთან დაკავშირებული ღვიძლის ციროზი და კიბო არ დაემართებათ და ამით თქვენზე უკეთეს პოზიციაში არიან”, – წერს ინფექციონისტი.