ილია მეორე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას ხვდება
უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდება.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ყველა ეკლესიის აზრი შეჯერდება.
“უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით მოვლენები ვითარდება ძალიან სწრაფად. სხვადასხვა ეკლესიებს აქვთ ამ მოვლენებზე თავისი შეფასება: ზოგს ძალიან მკვეთრი, ზოგი უფრო თავშეკავებული. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენთან არ ხდება ასეთი ვიზიტი. ხდება ყველა ეკლესიის აზრის შეჯერება, – განუცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სინოდის რამდენიმე წევრიც დაესწრება.
ცნობისათვის, დელეგაცია, საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.