საერთაშორისო ძებნილის, ჯეკ შეპარდის დიდ ბრიტანეთში დაჩქარებული წესით ექსტრადირება არ განხორციელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ძებნილის ჯეკ შეპარდის დიდ ბრიტანეთში დაჩქარებული წესით ექსტრადირება არ განხორციელდება.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა დიდ ბრიტანეთში გამარტივებული წესით ექსტრადირებით სარგებლობაზე უარი განაცხადა.
„შემოვიდა შუამდგომლობა, რომ გარკვეულიყო, ეს პირი თანახმა იყო თუ არა გამარტივებული პროცედურების გამოყენებით ექსტრადაციაზე. პირმა განაცხადა კატეგორიული უარი. სასამართლო დარწმუნდა, მისი ადვოკატების პოზიციიდან გამომდინარე, რომ მას სრულად აქვს კონსულტაცია გავლილი თავის ადვოკატებთან და ეს უარი არის ნებაყოფლობითი. აქედან გამომდინარე, ოქმი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს. ბატონი ჯეკ სებასტიან შეპარდი უარს აცხადებს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე. ნებისმიერ დროს, თუკი შეიცვლის პოზიციას, მას შეუძლია, ადვოკატების მეშვეობით მომართოს სასამართლოს,“ – განაცხადა მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა.
ბრალდებულის უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ბრალდებულს, შესაძლოა დიდ ბრიტანეთში საფრთხე დაემუქროს.
„მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რომ მოხდეს მისი ექსტრადირება სხვა ქვეყანაში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი ექსტრადირების შემთხვევაში, მას არ შეექმნება გარკვეული პრობლემები. ჩვენ გვჭირდება, რომ მთელ რიგ დოკუმენტაციას გავეცნოთ. შესაბამისად, ყველაფერი უნდა წარიმართოს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი პროცედურების თანახმად,“ – აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები