არეშიძე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: რთული საკითხია, ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა არ ივარგებს

ეს არის ძალიან რთული საკითხი და ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა არ ივარგებს მოვლენების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზანშეწონილობებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.
„როცა ასეთ გადაწყვეტილებაზე საუბრობ, აუცილებლად ისტორია უნდა გავიხსენოთ.
2014 წელს ბართლომემ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, დაიწყო მუშაობა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ეკლესია მის იურისდიქციაში ყოფილიყო. ამ თემაზე ჰქონდა შეხვედრა აფხაზური ეკლესიის ერთერთ მესვეურთან, შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ძალიან ინტენსიურად მუშაობდა ამ მიმართულებით. ბართლომეს სჩვევია ასეთი მოულოდნელი და არასასურველი სვლების გაკეთება საერთო მართლმადიდებლური სივრცის წარმომადგენელთა მიმართ. ანალოგიურია ახლა. უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია არ მიუღია, ეს არ არის ავტოკეფალია იმ ფორმით, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ის არის დამოუკიდებელი, რასაკვირველია, მაგრამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ. ტომოსში ესაა დაწერილი. რაც შეეხება რუსეთის ეკლესიას, იმას ტომოსი საერთოდ არ აქვს და პრაქტიკულად, გამოდის, რომ თვითმარქვია ეკლესიაა, მაგრამ ეს ყველაფერი პოლიტიკური საკითხია. ჩვენ უნდა შევხედოთ მოვლენების განვითარებას და პოლიტიკური მიზანშეწონილობებიდან უნდა ვიმოქმედოთ – რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რაც შეეხება ეკლესიის გადაწყვეტილებას, აქ მრჩევლად არ გამოვდგები. პრინციპში, “ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეა“, – განაცხადა არეშიძემ.
პოლიტოლოგმა ასევე კომენტარი იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც, თუ საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, არსებობს საშიშროება, რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს.

„ცხინვალის ეკლესიის აღიარების პროცესი გაუჭირდება, იმიტომ, რომ ცხინვალის ეკლესია ერთერთი სეპარატული ბერძნული ეკლესიის აღიარებულია უკვე და იმის დაქვემდებარების ქვეშაა.
აღიარებს, თუ არა რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას თავის ნაწილად, ეს სიტუაციას მაინც არ შეცვლის, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ სიტუაციას მაინც არ შეცვლის იმიტომ, რომ პრინციპში აფხაზეთის ეკლესიის ნაწილს აკონტროლებს რუსეთი. ბესარიონ აპლია რუსეთის ეკლესიის მონა-მორჩილია. ეს არის ძალიან რთული საკითხი და ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა არ ივარგებს. მოვლენების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ და რაც შეგვიძლია, უკეთესად უნდა ვივაჭროთ კულუარულად როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესიის დონეზე. როცა იღებ გადაწყვეტიელბას, ამით ამთავრებ ერთ-ერთ მხარესთან ყველანაირ კომუნიკაციას. როცა შენ ამბობ, რომ შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ ველოდები შენგან უკეთეს წინადადებას, ამას ჰქვია ვაჭრობა. რაზე უნდა ვივაჭროთ, ეს სხვა საკითხია. ამის თაობაზე, არ ვთვლი საჭიროდ, რომ ასე სახალხოდ ვილაპარაკო“, – განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, 6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
ამ დრომდე საქართველოს ეკლესიას პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებით, საპატრიარქო უკრაინიის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს მომდევნო სინოდის სხდომაზე შეისწავლის და შემდეგ ექნება ოფიციალური პოზიცია. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა 7 იანვარს, საშობაო ლიტურგიის დროს, ჟურნალისტებს განუცხადა.
“ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ, იქნებ რა წერია ამ ტომოსში, როგორ შეიძლება, რომ გამოვხატოთ ოფიციალურად. ისე, ვიცით რა ხდება ეკლესიაში, ერთმანეთს ვესაუბრებით და რაც შეეხება პოზიციის გამოხატვას, ყველაფერში უნდა იყოს ადამიანი კორექტული. მით უმეტეს, ეკლესია როდესაც გამოხატავს თავის ოფიციალურ პოზიციას. მერე კიდევ, ეკლესიამ როგორ უნდა გამოხატოს პოზიცია, თუ ერთიანად არ იმსჯელა, ანუ წმინდა სინოდმა თუ არ იმსჯელა და არ გადაწყვიტა. ჩვენ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და როდესაც შევიკრიბეთ, ტომოსი საერთოდ არ ვიცოდით, ახლაც არ არის გამოქვეყნებული”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
აღნიშნულ საკითხს, ქადაგებისას 13 იანვარს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი გამოეხმაურა.
“პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, საპატრიარქოსა და ხელისუფლების პოზიციას არ დაელოდა და უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა.
“ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს, რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს”, – წერია მიტროპოლიტ იოსების განცხადებაში.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხს 11 იანვრის პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
„დღეს, მე როგორც კერძო პირი არ გესაუბრებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიამ, საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩემზე ნაკლებად არ იცის, რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნელოვანია. თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ რაღაცებს, რაღაც შედეგების გამო, რომელზედაც არ მინდა ახლა ხაზგასმა, მაგრამ ყველას გვესმის რას ეხება, არ შეიძლება, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე “პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
უმრავლესობის დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით,პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას.
“საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გაბრაზებული რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც ჩვენი სუვერენიტეტისათვის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნება”- განაცხადა ძიძიგურმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები