ეკა ბესელია: მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში ფიგურირებდნენ, მონაწილეობის უფლება უნდა შეეზღუდოთ

მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში ფიგურირებდნენ, მონაწილეობის უფლება უნდა შეეზღუდოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია. ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უნდა მიიღოს მოსამართლეთა უფრო ფართო შემადგენლობის სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.
„საბჭომ უნდა წარმოადგინოს სია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს უფრო გრძელი სია, ვიდრე 10 ადამიანია ათ პოზიციაზე. საბჭოსადმი ნდობა არ არის დღეს მაღალი, ამიტომ პარლამენტმა უნდა აიღოს მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა. აქ გვაქვს ცოტა განსხვავებული ხედვა და ვთქვით, რომ მოდი ეს საკითხი კიდევ გავაგრძელოთ სამსჯელოდ. პარლამენტმა უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობით სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევ კანდიდატურებს როდესაც ვიხილავთ, ერთ პოზიციაზე სამი კანდიდატურა სახელდება. მნიშვნელოვანია, პარლამენტში კრიტერიუმების განხილვის დროს ჩვენ იმაზე შევჯერდეთ, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, რაც პარლამენტმა აღიარა 2012 წელს და თქვა პოლიტიკური აქტით, ასევე, უნდა იყოს ერთ-ერთი გამომრიცხავი გარემოება.
სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებში, სადაც კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები ხვდება, ასევე, ის მოსამართლეები, რომელთაც დაუდგინდათ ასეთი დარღვევები, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომელიც პარლამენტში გადმოტანილი პროცესის დროს გაფილტრავს ამ კანდიდატებს“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები