“უმრავლესობა პოზიტიურ, საინტერესო და სასარგებლო ვერსიაზე შეჯერდება, რაც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მმართველი გუნდი მოსამართლეების შერჩევის საკითხზე პოზიტიურ, საინტერესო და სასარგებლო ვერსიაზე შეჯერდება.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების მოთხოვნა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, მათთვის მისაღებია. ამიტომ, მისივე თქმით, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შესვლა ღია კონკურსის გზით მოხდეს.
„საზოგადოება ითხოვს, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. ამიტომ ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებად დაასახელოს. ამით თანასწორობის პრინციპი დაცული იქნება და ყველა მსურველს საკუთარი თავის ნომინირებისა და კონკურსში მონაწილეობის უფლება მიეცემა. ასევე, საპარლამენტო კომიტეტებში საკითხი კეთილსინდისიერების კრიტერიუმის ხუთივე ასპექტში განიხილება.
უმრავლესობა პოზიტიურ, საინტერესო და სასარგებლო ვერსიაზე შეჯერდება, რაც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. კანონში გაწერილი კეთილსინდისიერების პრინციპები დეპუტატებს შეფასების საშუალებას მისცემს, მიესადაგება რომელიმე კანდიდატი კეთილსინდისიერების კრიტერიუმს თუ არა. დანარჩენი ადამიანების სინდისსა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა, რამდენად ობიექტური იქნებიან კანდიდატების განხილვისას“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.