პროკურორი ჯეკ შეფერდზე: ის, ასევე, სხეულის მძიმე დაზიანების მცდელობისთვის იძებნება
ისევ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაეცემა თუ არა ჯეკ შეფერდი ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საქმის პროკურორმა, ქეთევან გურაშვილმა განუცხადა.
საკითხზე სასამართლო 3 თვეში იმსჯელებს.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საექსტრადიციო პატიმრობა გამოიყენა ჯეკ სებასტიან შეფერდის მიმართ. შემდეგი პროცედურები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გაგრძელდება. ისევ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაეცემა თუ არა აღნიშნული პიროვნება ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს. ამასთან დაკავშირებით, ზუსტად იმ სასამართლო განხილვების დროს უნდა ისაუბრონ მხარეებმა და წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტაცია”, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ შეფერდი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის არის მსჯავრდებული, იგი სხეულის მძიმე დაზიანების მცდელობისთვისაც იძებნება.
მისი თქმით, დაზარალებულ დევიდ ბიჩს, ჯეკ შეფერდმა თავში არყის ბოთლი ჩაარტყა და სხეულის დაზიანება მიაყენა.
პროკურორი განმარტავს, რომ აღნიშნული, დანაშაული ბრიტანული კანონმდებლობით, სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გარდა იმისა, რომ შეფერდი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის არის მსჯავრდებული და 6 წლის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული, იგი, ასევე, სხეულის მძიმე დაზიანების მცდელობისთვის იძებნება, აღნიშნული დანაშაული ბრიტანული კანონმდებლობით, სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ქეთევან გურაშვილმა.