საბურთალოს გამგებელი: სამხარაულის დასკვნით, კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, კონსტრუქციულად მყარია
საბურთალოს გამგებლის, გაიოზ ვასაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, კონსტრუქციულად მყარია. მისივე თქმით, ამავე დასკვნის თანახმად, მესამე-მეოთხე კატეგორიის დაზიანება მეექვსე სართულზე აღინიშნება.
„შენობა კონსტრუქციის მხრივ არის მდგრადი, აღინიშნება უმნიშვნელო დაზიანებები. ამასთან, სერიოზული დაზიანებებია მეექვსე სართულზე, მესამე-მეოთხე კატეგორიის. გვაქვს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს რეკომენდაციები და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში მათ გავითვალისწინებთ. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოქალაქეებისთვის კორპუსი უსაფრთხო იქნება“, – აცხადებს გაიოზ ვასაძე.
შეგახსენებთ, 16 იანვარს თბილისში, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა 4 ადამიანი, ხოლო დაშავდა 8. მომხდარის გამო, „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს.