მანდატურები შსს-ს ჩართულობით, ახალი სასწავლო კურსით გადამზადდებიან
„მანდატურები აქამდე სამ კვირიანი გადამზადების კურსს გადიოდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით კურსის ხანგრძლივობა ორ თვემდე გაიზარდა“, – ამის შესახებ მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობას, ამ მიზნით მანდატურის სამსახური უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების კომპონენტს აძლიერებს.
„დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ჩვენი სამსახური წარმოდგენილია 458 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეების 70 პროცენტი სწავლობს. ამ რეფორმის ფარგლებში ყველა მანდატურს აქვს უნარი, დროულად მოახდინოს ემოციური პრობლემების მქონე ბავშვების და ზოგადად ძალადობის ნიშნების მქონე მოსწავლეების გამოვლენა, გადამისამართება ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში და შემდეგ ჩვენი ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების და ბავშვთა ფსიქიატრების ჩართვა. პოლიციის აკადემიაში მანდატურის თანამშრომლები სამი კვირის ნაცვლად, ორთვიანი ახალი სასწავლო მოდულით მზადდებიან, სადაც ეუფლებიან ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტური სიტუაციების მართვას, ფიზიკურ მომზადებასა და პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაწევის უნარებს“, – განაცხადა მანდატურის სამსახურის უფროსმა „უსაფრთხო სკოლის“ პროგრამის პრეზენტაციაზე.