საგარეო უწყება: მიხეილ ავაგიანის ძეგლის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა ზედმეტია
„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა როგორც თბილისში, ასევე აზერბაიჯანში, ელჩების მეშვეობით“, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა ზედმეტია.
„აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა და ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნა ზედმეტია“ – განუცხადეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, გუშინ, აზერბაიჯანულ მედიაში მიხეილ ავაგიანის ძეგლის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ 23 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სომეხი სეპარატისტის და ტერორისტის, მიხელ ავაგიანის, რომელიც ყარაბაღში აზერბაიჯანული მოსახლეობის გენოციდში იღებდა მონაწილეობას, ძეგლი გახსნეს.
თუმცა, ახალქალაქის მერის ინფორმაციით, მიხეილ ავაგიანის ძეგლი, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ჯერ კიდევ 25 წლის წინ, 1994 წელს დადგეს.