დავით ზალკალიანი: ყველა საერთაშორისო ფორუმს ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მკაფიოდ წარმოჩენილი
ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორუმს ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მკაფიოდ წარმოჩენილი და ვფიქრობ, რომ დავოსის წლევანდელი ეკონომიკური ფორუმი ამ მხრივ, მაქსიმალურად გამოვიყენეთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
დავით ზალკალიანმა დავოსის წლევანდელი ეკონომიკური ფორუმი შეაჯამა. მისი განცხადებით, საქართველოს პოზიცია, ფორუმის ფარგლებში, არაერთ ღონისძიებაზე მკაფიოდ წარმოჩინდა. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი რეგიონში, ისევე, როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია.
„ფორუმზე წარმოჩენილი იყო ის ეკონომიკური პრიორიტეტები და უპირატესობები, რომელიც საქართველოს აქვს. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ძალიან სერიოზული კონკურენცია მიმდინარეობს იმისთვის, რომ სატრანზიტო ქვეყნებზე გამავალი მარშრუტები იყოს აღიარებული და ამ კონკურენციაში, ვფიქრობ, რომ საქართველო თავის ღირსეულ სიტყვას ამბობს და ჩვენ ამ კონტექსტში ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისა და უსაფრთხოებისკენ და ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის რისკები და გამოწვევები, რომელიც საქართველოს გააჩნია, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა, რადგან სტაბილურობა არის გარანტია ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური აღმავლობის”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.