სოფიო ქაცარავა: მხარდაჭერას ვუცხადებ ვენესუელელ ხალხს და მათ დროებით პრეზიდენტს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელელ ხალხს და მათ დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს. ის იმედოვნებს, რომ ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებით იმოქმედებს.
“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და წარმატებას ვუსურვებ ვენესუელელ ხალხს და მათ დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების და თავისუფლებისთვის ბრძოლაში!
იმედი მაქვს, რომ ვენესუელის ლეგიტიმური მთავრობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებით იმოქმედებს, რაც, მათ შორის, ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპის მხარდაჭერას ითვალისწინებს”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
როგორც ცნობილია, გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.