მალხაზ სოლომნიშვილი: საპენსიო სისტემისადმი მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია შუალედური ანგარიშების წარმოდგენა

„მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია შუალედური ანგარიშების წარმოდგენა და სახელმწიფოსგან მკაცრი კონტროლი სად და როგორ იხარჯება, თუ მიიმართება თანხები“, – ასე ეხმაურება სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ ხელმძღვანელი მალხაზ სოლომნიშვილი ქვეყანაში მიმდინარე დაგროვებით სისტემას.
როგორც მალხაზ სოლომნიშვილი აცხადებს, მისი კომპანიის თანამშრომლები აღნიშნულ პროექტში უკვე ჩაერთვნენ. თუმცა, საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით, კითხვები მაინც აქვს.
„დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებასთან ერთად, ჩნდება ბევრი კითხვა, რამდენად დაცული იქნება ჩვენი დანაზოგი? ვინ მართავს მას ეფექტურად? რა სარგებელს მოუტანს ეს რეფორმა ხალხს და სახელმწიფოს?“ – აცხადებს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი.
მალხაზ სოლომნიშვილი მიიჩნევს, რომ საპენსიო სისტემა ძალიან კარგი შანსია მომავლისთვის, როგორც დასაქმებულისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
მისივე განმარტებით, ეს იქნება ძალიან კარგი ფულადი რესურსი სხავადსხვა სფეროს გასავითარებლად.
„სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც საპენსიო რეფორმა იწყებოდა, ჩვენთანაც დაგროვებითმა საპენსიო რეფორმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც ნორმალურია. არიან ამ რეფორმის მხარდამჭერები და ასევე, 90-იან წლებში დეპოზიტების დაკარგვით იმედგაცრუებულები. უნდა აღინიშნოს, რომ წლების წინ ასეთივე უნდობლობა იყო კომერციული ბანკების მიმართ, თუმცა ამჟამად ეს პრობლემა ამოწურულია.
სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ მიესალმება დაგროვების საპენსიო სისტემის ამოქმედებას. ჩვენი კომპანია უკვე ჩაერთო რეფორმაში, რომელიც მომავალში „ბაუ სტარის“ თანამშრომლებს ღირსეული პენსიით უზრუნველყოფს. ეს ძალიან კარგი შანსია მომავალში, როგორც დასაქმებულისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს იქნება ძალიან კარგი ფულადი რესურსი სხვადასხვა სფეროს გასავითარებლად. მთავარია, ამ კითხვებზე როგორც სააგენტომ, ასევე თავად სახელმწიფომ პასუხები დროულად გასცეს. მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად კი აუცილებელია შუალედური (კვარტალური) ანგარიშების წარმოდგენა და მკაცრი კონტროლი, სად და როგორ იხარჯება, თუ მიიმართება თანხები. ასეთი პოლიტიკით რეფორმა ისეთ ნდობას მოიპოვებს, რომ მოქალაქეები თავად მოინდომებენ ჩართვას. წარმატებას ვუსურვებთ სააგენტოს რეფორმის განხორციელებაში“, – აცხადებს მალხაზ სოლომნიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. რის თანახმად, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საპენსიო რეფორმა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის – ნებაყოფლობითი.
დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები