კანის ქრონიკული დაავადება განაჩენი აღარ არის – დერმატო-ვენეროლოგი ბოლო თაობის აპარატზე გვესაუბრება 

კანის ქრონიკული დაავადებით არაერთი ადამიანი იტანჯება, თუმცა ჩვენს რეალობაში თანამედროვე აპარატურა გვეხმარება იმაში, რომ ეს განაჩენი აღარ იყოს. გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა პაციენტებს საშუალება ეძლევათ ამ პრობლემას ბოლო თაობის ფოტოქიმიოთერაპიული აპარატის UVA 311-ის დახმარებით გაუმკლავდნენ. 
როგორც “კვირასთან” საუბრისას „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ დერმატო-ვენეროლოგმა, ხათუნა ბერიანიძემ აღნიშნა, ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობა 85%-დან 95%-მდე შედეგს იძლევა. მისივე განმარტებით, პროცედურა სრულიად უმტკივნეულო და კომფორტულია, რომლის პარალელურად კანი ირუჯება კიდეც.
როდის ინიშნება პროცედურა, როგორია პაციენტთა მიმართვიანობა და კიდევ რა დადებითი მხარეები აქვს UVA 311 კაბინას, ამ და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე დერმატო-ვენეროლოგმა ჩვენთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა.
– რისი მკურნალობაა შესაძლებელი UVA კაბინით ?
– UVA 311-ის კაბინით შეიძლება ეგზემის, ფსორიაზის, სებორეული/ატოპიური დერმატიტის, ვიტილიგოს, შემოფარგლული სკლეროდერმიის, შემოფარგლული ნეიროდერმიტის, ბუდობრივი ალოპეციის და სხვა დაავადების მკურნალობა. მოკლედ რომ ვთქვათ, კანის ქრონიკული დაავადების დროს, შეიძლება, ეს აპარატი გამოვიყენოთ.
– რით განსხვავდება იგი მისი წინამორბდებისგან
– კანის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო კაბინა – UVA 311 ბელგიიდან ჩამოტანილი, ბოლო თაობის, ფოტო და ფოტოქიმიოთერაპიული აპარატია. მას ორი ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობის ფუნქცია აქვს – საშუალო UVB და ღრმა UVA სხივებით. ვიცით, რომ UVC-ს ოზონის შრე არ უშვებს ჩვენამდე, UVB კი ის სხივია, რომელიც რუჯავს კანს, მაგრამ ეპიდერმისის იქით არ მიდის, ანუ საშუალო სიგრძის სხივია, ხოლო UVA უკვე ეპიდერმისის შიგნით შედის და დიდი სიგრძის სხივია. განსხვავებით მისი წინამორბედი კაბინებისგან, ამ აპარატით შეიძლება ორივე რეჟიმმა, UVB-მ და UVA-მ, ერთად იმუშაოს.
– რა განსხვავებაა UVA და UVB სხივებს შორის?
– სხივებს შორის განსხვავება ისაა, რომ UVB სხივები ეპიდერმისის შიგნით აღარ მოქმედებს, მხოლოდ ეპიდერმისის შრეშია აქტიური, ანუ მას აქვს იმუნოსუპრესორული ფუნქცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფაქტობრივად UVB სხივებს უკუჩვენება არ აქვს. მისი გაკეთება შეიძლება 7 წლის ასაკიდან და ორსული ქალბატონებისთვისაც კი არაა საზიანო, როდესაც ალერგიული დერმატიტებია და მედიკამენტების მიღება არ შეუძლიათ. UVB სხივების გაკეთების შემთხვევაში მხოლოდ ანამნეზის შეკრებაა საჭირო.
რაც შეეხება UVA-ს, ეს უფრო გრძელი სხივია, რაც უფრო კარგი შედეგის მისაღებად გვეხმარება. ის უკვე ეპიდერმისის სიღრმეშიც, დერმაშიც აღწევს, განსაკუთრებით თუ ფსორელანსაც ჩავრთავთ.
თუმცა, ამით გაცილებით მძიმე დაავადებებს ვმკურნალობთ, ამას ჰქვია “პუვა თერაპია”, როდესაც უკვე მდგომარეობა გართულებულია. მაგრამ ამას უკუჩვენება აქვს – ტოქსიკურია, ამიტომ პაციენტს ჯანმრთელობა ხელს უნდა უწყობდეს.
– რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა და რა პერიოდულობით კეთდება?
– პროცედურა თავდაპირველად დაბალი სიხშირით იწყება და დროც, დაახლოებით, 2 წუთი სჭირდება. ხოლო შემდეგ პროცედურებზე, ნელ-ნელა ვუმატებთ როგორც სიხშირეს, ისე დროსაც. ყველაზე ეფექტური სიხშირე 3,11-ნანომეტრია, ამიტომ ეტაპობრივად უნდა ავიდეთ ამ ზღვრამდე. მაგრამ ესეც დამოკიდებულია კანის ფენოტიპზე, თუ რა პერიოდში შევძლებთ სიხშირის მომატებას.
სხივების გაკეთება შესაძლებელია ყოველ დღე ან დღე გამოშვებით. ასევე, შესაძლებელია, მონაცვლეობით გაკეთდეს UVB და UVA სხივები. პროცედურა სრულიად უმტკივნეულო და კომფორტულია. რაც მთავარია, შესაძლებელია ყველა ტიპის კანისთვის. ჩვენს რეგიონში კი ძირითადად მაინც, მესამე ტიპის, ანუ შუა ევროპეიდული ტიპის კანიანი მოსახლეობაა.
პროცედურისას კანის ფერიც იცვლება და ირუჯება. ხოლო თვალის გარსი, რომ არ დაზიანდეს გამოსხივებით პაციენტი სპეციალურ სათვალეებს იკეთებს და ისე შედის კაბინაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ არც პროცედურამდე და არც პროცედურის შემდეგ, კანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, მხოლოდ დამატენიანებელია საჭირო, რომ კანი არ გამოშრეს.
– შედეგის მისაღებად რამდენი პროცედურაა საჭირო? 
– პროცედურების რაოდენობის საჭიროება ინდივიდუალურია, დამოკიდებულია გამონაყარის ტიპზე და სიმპტომებზე. მინიმალური პროცედურა კი 10-15 უნდა ჩატარდეს. ძლიერი ფსორიაზის შემთხვევაში 40 სხივიც შეიძლება იყოს საჭირო. ეს ყველაფერი რემისიაა, მერე რამდენი ხანი შენარჩუნდება შედეგი, ესეც ინდივიდუალურია. ადამიანის ფსიქოტიპზე და ფიზიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
რემისიის შედეგი UVA-ს დროს 95%-ია, UVB-ს შემთხვევაში კი 85%. მაგრამ საბოლოოდ, ეს შედეგები მაქსიმალურია დაავადების სირთულესთან შედარებით.
– უშლის თუ არა ერთმანეთს ხელს მედიკამენტოზური და სხივური თერაპიით მკურნალობა? 
– როგორც უკვე აღვნიშნე პროცედურები კანის ქრონიკული დაავადებების და მათი გართულებების დროს ინიშნება. მედიკამენტოზური და ფოტოქიმიოთერაპიული მკურნალობა ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, უკეთეს შედეგსაც იძლევა, ამიტომ ყველა პაციენტს ვთავაზობთ, ვუხსნით აპარატის დადებით და გვერდით მოვლენებს, რის შემდეგაც, თავად იღებენ გადაწყვეტილებას.
მოსახლეობის, დაახლოებით, 3% ფსორიაზითაა დაავადებული. აქედან გამომდინარე, მომართვიანობაც საკმაოდ ინტენსიურია. თუმცა, სამწუხაროა, რომ დაზღვევა ამ სერვისს არ აფინანსებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ყველანაირად ვცდილობთ, რომ პროცედურები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს და ყველამ შეძლოს კურსის ჩატარება.

მარიამ მელაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები