რას ყვებიან ტრაგედიის შემსწრე მაშველები-“ასეთი საშინელი კადრები ჩემს პრაქტიკაში არ მინახავს”

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 16 იანვარს, 20:27 საათზე დაფიქსირდა.
შეტყობინების შემოსვლიდან, ზუსტად, 7 წუთში, 20:34 საათზე შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადა მივიდა.
ხუთივე ეკიპაჟი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ეკუთვნოდა.


შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ბრიგადის თანამშრომლებს ადგილზე პანიკა დახვდათ.
ცხრასართულიანი კორპუსის შეშინებული მობინადრეების ნაწილი კიბეებზე ჩამორბოდნენ.
ეზოში დამსხვრეული მინები და შენობის ნანგრევები ეყარა.
მომხდარის დეტალებზე „კვირასთან“ სახანძრო-სამაშველო სამსახურის გლდანი-ნაძალადევის რაიონის უფროსი ოთარ კერესელიძე საუბრობს.
„შემთხვევის ადგილზე პანიკა იყო. კორპუსის წინ შენობის ნანგრევები და დამსხვრეული მინები ეყარა. დაზიანებული იყო კორპუსის სამი სართული და გვერდითა სადარბაზოც. მე-6 სართული მთლიანად გახლეჩილი იყო. ლიფტის შახტა კი დაზიანებული. კორპუსის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ეგდო, რომელიც საცხოვრებელი კორპუსში აფეთქების შემდეგ, გაზის წნევამ გარეთ გადმოაგდო. ერთ-ერთი ბინის ნანგრევებში ორი ქალის ცხედარი და უგონო მდგომარეობაში პატარა გოგონა იყო. ბავშვი რამდენიმე წამში ჩამოვიყვანეთ და სასწრაფოს ბრიგადას გადავეცით. სასწრაფოდ მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. კორპუსში კიბე დაზიანებული არ ყოფილა. მაშველების 5 ბრიგადის მეხანძრე-მაშველებმა დაზიანებული კორპუსიდან 45 ოჯახი გამოვიყვანეთ. გვერდითი სადარბაზოდან კი 3 ოჯახის წევრები “, – განუცხადა “კვირას” ოთარ კერესელიძემ.
კიდევ ერთი მაშველი, მერაბ კობესაშვილია, რომელმაც უგონო მდგომარეობაში მყოფი პატარა გოგონა ნანგრევებიდან გამოიყვანა „კვირასთან“ მომხდარი ტრაგედიის დეტლებს იხსენებს.
„საშინელი ქაოსი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ეგდო. დამსხვრეული მინები და შენობის ნანგრევები გადავლახეთ. საცხოვრებელს რომ ავხედე მე-6 სართულის ბინა შუაზე იყო გახლეჩილი. მე-5 და მე-4 სართულიც მთლიანად დაზიანებული იყო. კიბეზე ავირბინეთ. მე-6 სართულის მარჯვენა მხარეს, კართან ახალგაზრდა ქალის ცხედარი დავინახე. დაახლოებით, 50 მეტრში, მეორე ქალის ცხედარიც შევნიშნე. ის ნანგრევებში იყო მოყოლილი. უგონო მდგომარეობაში იყო პატარა გოგონაც. მაშინვე ჩამოვიყვანეთ და სასწრაფოს ბრიგადას გადავეცით. საშინელი სანახაობა იყო. ნანგრევებში ბავშვის ტანსაცმელი და სათამაშოები ეყარა. მეორე ბავშვს ვეძებდით, მოგვიანებით გავიგე, რომ კიდევ ერთი ბავშვი მეზობელს ნანგრევებიდან უკვე გაეყვანა. მოსახლეობა გამოვიყვანეთ. კიბეზე ქაოსი იყო. ასეთი საშინელი კადრები ჩემს პრაქტიკაში არ მინახავს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას მაშველი მერაბ კობესაშვილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ტრაგედიის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლების უმრავლესობამ, როგორც კი აფეთქების ხმა გაიგეს, გარეთ გამოვიდნენ და კიბეზე დაეშვა.
ერთ-ერთმა მობინადრემ მე-6 სართულზე, იქ სადაც ნათია ციცვიძე და მინდია ფირალიშვილი ცხოვრობდნენ, მათი შვილი, პატარა ნიკოლოზი უგონო მდგომარეობაში შენიშნეს და თავად ჩამოიყვანეს.
ბავშვი სასწრაფოს ბრიგადის ექიმებს გადასცეს.

პატარა ბიჭუნა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ნიკოლოზის 4 წლის ტყუპისცალი და კი ამ დრომდე, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან.
აღსანიშნავია, კიდევ ერთი ფაქტი – „საბედისწერო კორპუსში“ დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ერთ-ერთმა მობინადრემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
სადაც იგი აღნიშნავს, რომ „რომ არა უბნის ბიჭები, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო.
მისი თქმით, ვიდრე შემთხვევის ადგილზე მაშველები მივიდნენ, პანიკაში მყოფ შეშინებულ მოსახლეობას ამავე კორპუსში მცხოვრები გადარჩენილი მობინადრეები დაეხმარნენ.
„რომ არა უბნის ბიჭები, რომლებმაც დანგრეული სადარბაზოს საშუალებით (იმ დროს როდესაც გაზი ისევ ჟონავდა) შოკში მყოფი მობინადრეები გამოიყვანეს, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო. სამაშველო კიბის გახსნაც კი ვერ მოახერხეს აივნიდან რომ მოეხდინათ მცხოვრებლების ევაკუაცია. ამ დროს კიდევ ჟურნალისტები ერთმანეთს წეწავდნენ – არა ჩვენი ჯგუფი უნდა შევიდეს ლაივით გასაშუქებლად, არა ჩვენიო. მოკლედ სრული “დომხალი” იყო. საღოლ ამ ბიჭებს, რომ არ შეეშინდათ და ასეთი საფრთხის პირობებში დაშავებულებიც და გარდაცვილებიც გამოიყვანეს“, – ამონარიდი ლადო ვახტანგაშვილის სტატუსიდან.
პ.ს. მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სწორედ ადამიანების მოქალაქეობრივი თვითშეგნება აერთიანებს ერს ისე, როგორც ეს 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. მერე რა, რომ თუკი ტრაგედიის დროს გაჭირვებულ ადამიანებს მაშველებამდე დაეხმარე.
ფაქტია, რომ მაშველების მოსვლამდე, ადგილობრივმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭუნა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით სამშვიდობოს გაიყვანა, შესაბამისად მას მეტი შესაძლებლობა ჰქონდა მაშველებისთვის ბავშვის გადარჩენა დაესწრო, თუმცა ამ ფაქტის გამო სამაშველო სამსახურის თანამშრომლების უნიათობაზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, 7 კი დაშავდა.
მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილები ნინო და ნათია ციცვიძეები, პატარა ნიკოლოზი და 30 წლის ლევან დავლაძე არიან.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები