„კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში უნდა მიღებულიყო“

„კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში უნდა მიღებულიყო, მაგრამ ეს გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს“, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
ხმალაძე აფეთქებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობებზე წინასწარ საუბრისგან თავს იკავებს.
მისი განმარტებით, მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღება არც გაზის სისტემის უსაფრთხოებას ადგენს და არც უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობას.
„ეს ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა, მათზეა დელეგირებული აღნიშნული უფლებამოსილება. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო პასუხისმგებლობებზე, მაგრამ ცხადია, რაც გაკეთდა, ეს არ იყო სწორი და სამწუხაროდ, საქმე გვაქვს უკვე დანაშაულთან. სერიოზული დაუდევრობის შედეგად მივიღეთ დიდი ტრაგედია. დღეს ქალაქში კიდევ გვაქვს სახეზე კუსტარული მიერთებები, თვითნებურად დამზადებული მოწყობილობები, რომლებიც რისკის შემცველია. რა თქმა უნდა, კომპანიების მხრიდანაც უნდა იყოს შესაბამისი რეაგირება. ის, რომ ადგილზე იყო გამოძახება, ცხადყოფს დაუდევრობაზე და პასუხისმგებლობის დაბალ განცდაზე კომპანიების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ხმალაძის თქმით, გაზგამანაწილებელი კომპანიების მაკონტროლებელი არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისა მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
„კომისია ამას აკეთებს კიდეც, მაგრამ ამ პროცესების სრულყოფილებაზე ძალიან მიჭირს ახლა საუბარი, რადგან გვაქვს ტრაგიკული შედეგი. ეს შედეგი მივიღეთ არა 10-15 წლის წინ გაკეთებულ ქსელზე და გაყვანილობაზე, არამედ სულ ახლახან გაკეთებულზე. რამდენიმე დღეში უნდა მიღებულიყო ეს კორპუსი ექსპლუატაციაში“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები