“ჩვენმა სახელმწიფომ რომ მიულოცოს უკრაინას, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღო რელიგიურ საკითხებში განსჯის უფლება“

ჩვენმა სახელმწიფომ რომ მიულოცოს უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, თავის თავზე აიღო რელიგიურ საკითხებში განსჯის უფლება, – ამის შესახებ თეოლოგმა ლევან აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ერს, სახელმწიფოს, თავის ბრძოლაში მხარი უნდა დავუჭიროთ და თავი დავანებოთ უკრაინის ეკლესიის საკითხებს.
„თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ თანამედროვე, ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს პრინციპებია ის, რომ სახელმწიფო არის ნეიტრალური რელიგიის საკითხებში, ანუ სახელმწიფო არ იღებს თავის თავზე განსაჯოს, რომელი მხარეა სწორი, როცა არის დავა. საკითხი ეხება სხვა სახელმწიფოს, სადაც არ არის ერთიანი აზრი. არ ვიცით, უმრავლესობა საით გადაიხრება. ჩვენმა სახელმწიფომ რომ მიულოცოს, ოფიციალურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პარლამენტი, თავის თავზე აიღო რელიგიურ საკითხებში განსჯის უფლება და თქვა, რომ ეს იყო სრულიად კანონიერი, როგორც ეს მოხდა – ეს იქნება არასწორი.
მე, ალბათ, დამაბრალებენ, რომ ვარ პრორუსული. დამაბრალონ, მაგრამ არანაირად არ მომწონს მე რუსეთის პოლიტიკა, დამღუპველია ჩვენთვისაც, უკრაინისთვისაც, თავად რუსეთისთვისაც. მაგრამ, ამან ხომ არ უნდა დაგვაბრმავოს? გავიხსენოთ, რა პრინციპებზე უნდა ავაშენოთ საზოგადოება და სახელმწიფო. ჩემი აზრით, სწორი იქნება ჩვენმა სახელმწიფომ საერთოდ არ მიიღოს ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ერს, სახელმწიფოს თავის ბრძოლაში, დავანებოთ თავი უკრაინის ეკლესიურ, სარწმუნოებრივ საკითხებს“, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, გუშინ განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.
„თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.
აღნიშნულ საკითხს, ქადაგებისას 13 იანვარს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი გამოეხმაურა.
“პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, საპატრიარქოსა და ხელისუფლების პოზიციას არ დაელოდა და უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა.
“ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს, რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს”, – წერია მიტროპოლიტ იოსების განცხადებაში.
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხს 11 იანვრის პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
„დღეს, მე როგორც კერძო პირი არ გესაუბრებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიამ, საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩემზე ნაკლებად არ იცის, რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნელოვანია. თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ რაღაცებს, რაღაც შედეგების გამო, რომელზედაც არ მინდა ახლა ხაზგასმა, მაგრამ ყველას გვესმის რას ეხება, არ შეიძლება, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე “პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები