თბილისში, ერთი ახალი სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა, 6 შეიცვალა, ერთი კი გაუქმდა

თბილისის მთავრობამ მიკროავტობუსების ერთი ახალი მარშრუტის ამოქმედების, ექვს მარშრუტში ცვლილებისა და ერთი მარშრუტის გაუქმების საკითხი განიხილა.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ახალი – N69 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ კრწანისის ქუჩაზე, რაიონის გამგეობის შენობამდე იმოძრავებს. მარშრუტზე სამი მიკროავტობუსი გადანაწილდება. მათივე ცნობით, N69 მიკროავტობუსის დანიშვნა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და გამგეობამდე მოქალაქეების მგზავრობის გამარტივების მიზნით გადაწყდა.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები მიკროავტობუსების შემდეგ მარშრუტებსაც შეეხება:
ჭაბუკიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემიდან გამომდინარე, N80 და N220 მარშრუტების კორექტირება გახდა საჭირო. N80 მიკროავტობუსი ცინცაძის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ პეკინის გამზირის გავლით იმოძრავებს. N220 მიკროავტობუსი კი მიცკევიჩის ქუჩიდან ჯერ პეკინის გამზირს დაუკავშირდება, ხოლო შემდეგ – იოსებიძის, იშხნელებისა და შარტავას ქუჩებს გაივლის და სააკაძის მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
ასევე, N107 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ისნამდე“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების ნაცვლად, კახეთის გზატკეცილის მეშვეობით დაუკავშირდება; N64 – ჩიქოვანის ქუჩამდე ვარაზისხევის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და რამიშვილის ქუჩების გავლით მივა; N159 და N178 გაერთიანდება და N159 მიკროავტობუსის სახით, „ლილო მოლის“ მიმართულებით ძველებურად, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ იმოძრავებს.
რაც შეეხება N141-ს, მარშრუტი მგზავრთნაკადის სიმცირის გამო, მე-3 მასივიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ განისაზღვრება.
თბილისის მთავრობამ ასევე, განიხილა N56 მარშრუტის გაუქმების საკითხი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის N83-დან ვაკის სასაფლაომდეა დადგენილი. აღსანიშნავია, რომ N170 მიკროავტობუსის მარშრუტის დაგრძელების შემდეგ, N56-მა მგზავრები დაკარგა და არარენტაბელური გახდა.
თბილისის მთავრობა მიკროავტობუსების მარშრუტების შესახებ მიღებულ დადგენილებას დასამტკიცებლად, დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები