“რუსები ცდილობენ შეგვაშინონ, თუ ჩვენი ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიას, რუსეთი მიანიჭებს აფხაზეთის ეპარქიას ავტოკეფალიას”

„რუსული პროპაგანდა გამალებით ცდილობს შეგვაშინოს ქართველები, რომ თუ ჩვენი ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიას, რუსეთის საპატრიარქო მიანიჭებს აფხაზეთის ეპარქიას ავტოკეფალიას, ან მიიერთებს თავის ეპარქიად. რა შეიძლება ითქვას ამ კანონიკურ ნონსენსზე?!“- ამ სიტყვებით ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს. სასულიერო პირი აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესია ოფიციალურად თავად აღიარებს, რომ აფხაზეთის ეპარქია საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა. დეკანოზ ილია ჭიღლაძის სტატუსს, „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ, რომელიც სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „კვლავ აფხაზეთის ეპარქიის ბედზე რუსული პროპაგანდა გამალებით ცდილობს შეგვაშინოს ქართველები, რომ თუ ჩვენი ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიას, რუსეთის საპატრიარქო მიანიჭებს აფხაზეთის ეპარქიას ავტოკეფალიას, ან მიიერთებს თავის ეპარქიად. რა შეიძლება ითქვას ამ კანონიკურ ნონსენსზე?! რუსეთის ეკლესიის კანონიკურ კომპეტენციას სცდება შესაძლებლობა სხვა ეკლესიის ნაწილს მინიჭოს ავტოკეფალია. რუსეთის ეკლესია ოფიციალურად თავად აღიარებს, რომ აფხაზეთის ეპარქია საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა (თუმცა, ამის მიუხედავად მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ დოკუმენტებსა და მონაცემებში არასდროს უწოდებენ საქართვლოს პატრიარქს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს), შესაბამისად მათი საპირისპირო ქმედება წინააღმდეგობაში მოვა მათსავე განცხადებებთან. რა თქმა უნდა, რუსულ მხარეს ყოველთვის შეუძლია უკან წაიღოს მისი განცხადებები და ოფიციალურად გაცხადებული სიტყვიერი პოზიციებიც შეცვლოს, ამის დიდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს ქართველებს, მაგრამ საკითხი დგას ამგვარად: ფაქტობრივად რა შეიცვლება ჩვენთვის მათი ოფიციალური პოზიციის ცვლილებით და რამდენად კანონიკური იქნება იგი?! თუ ვინმეს შეუძლია კანონიკურად აფხაზეთს მიანიჭოს ავტოკეფალია, ესაა საქართველს საპატრიარქოს და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ერთობლივი ქმედება. ამ უკანასკნელს მე-10 საუკუნემდე კანონიკურად ექვემდებარებოდა აფხაზეთი და გააჩნდა იქ თავისი ეპარქია “აბაზგიის სებასტოპოლისის საარქიეპისკოპოსო” (იხ. ივ. ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია, ასევე: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2). შესაბამისად, კონსტანტინოპოლს აქვს ისტორიული საყრდენი თავისი იურისდიქციისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ კონსტანტინოპოლს მე-9/10 საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც აფხაზეთი ქართული ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში გადავიდა, ვიდრე დღემდე არასოდეს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია აფხაზეთზე და 1990 წლის ტომოსითაც აღიარა აფხაზეთი როგორც საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ნაწილი. 1990 წლის ტომოსით მან საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ სივრცედ მთელი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია აღიარა, საერთაშორისო სამართლით კი აფხაზეთი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაა, მისი განუყოფელი ნაწილი. ერთადერთი ძალა რომელიც ამ ჭეშმარიტებას არ აღიარებს, მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო და მისი მარიონეტები არიან. ამდენად, ჩვენთვის, ქართველებისთვის, კონსტანტინოპოლის პრობლემა საერთოდ არ არსებობს. ეს ღიად დაადასტურა არაერთგზის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა თავის განცხადებებში. საქართველოს ინტერესებისთვის ერთადერთი პრობლემა არის მოსკოვის ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებული სატელიტები, მათ შორის მოსკოვის საპატრიარქო. აქვე წარმოგიდგენთ მცირე ისტორიულ ექსკურს აფხაზეთის საკითხზე: მე-9/10 საუკუნეში აფხაზეთში დასრულდა კონსტანტინოპოლის იურისდიქცია და დაარსდა აფხაზეთის ქართული ავტოკეფალური საკათალიკოსო, რომლის ყველა კათოლიკოსი და სამღვდელო პირი ქართველი იყო და წირვა-ლოცვა მხოლოდ ქართულად მიმდინარეობდა. აფხაზეთის საკათალიკოსოს საზღვრები ლიხის ქედამდე მოდიოდა, ესე იგი ის მოიცავდა მთელს დასავლეთ საქართველოს. რუსეთის იმპერიამ 1814 წელს ეს ავტოკეფალური საკათალიკოსო გააუქმა, ისევე როგორც მანამდე, 1811 წელს გააუქმა მცხეთის საკათალიკოსო და საქართველოს საეგზარქოსოს სახით რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. 1917 წელს საქართველოს ავტოკეფალია აღდგა ორივე ქართული საკათალიკოსოს გაერთინების ბაზაზე, რადგან საქართველოს საეკლესიო კრებამ, მათ შორის დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსებმა და დელეგატებმა, მთელმა ქართველმა ერმა, ერთხმად საჭიროდ ჩათვლეს ერთიანი საქართველოს საპატრიარქოს (საკათალიკოსოს) შექმნა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას რუსეთის საპატრიარქო არ ცნობდა და საქართველოს საპატრიარქო და სამღვდელოება რასკოლნიკებად/სქიზმატებად გამოაცხადა. რუსეთის საპატრიარქოს განსაკუთრებით ძლიერი პოზიციები ჰქოდა აფხაზეთში, გამომდინარე იქაური დიდი რუსული დიასპორიდან, ასევე მათ ხელს უწყობდა პოლიტიკური ვითარება: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება დასაწყისში ვერ ახორციელებდა კონტროლს ამ რეგიონზე, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა 1919 წელს, როდესაც ქართულმა ჯარმა დაიკავა აფხაზეთი და საქართველოს საპატრიარქოს შესაძლებლობა მიეცა სოხუმში ქართველი ეპისკოპოსის დადგინებისა (წმ. ამბროსი ხელაია). მაგრამ ქართველ ეპისკოპოსებს (ამბროსი, შემდგომ მიტრ. იოანე მარგიშვილი, ეპ. ქრისტეფორე ციცქიშვილი) წინააღმდეგობას უწევდნენ სოხუმის რუსი ეპისკოპოსები, რუსეთის ეკლესიას კვლავ ჰყავდა იქ რუსი ეპისკოპოსი, ვიდრე 1920-იანი წლების ჩათვლით. 1920-იან წლებში საბოლოოდ ეს ორთაბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა და რუსულმა საეპისკოპოსომ არსებობა შეწყვიტა აფხაზეთში. 1993 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ დადგმული სისლიანი სცენარით აფხაზეთზე საქართველოს სახელმწიფომ და საპატრიარქომ კვლავ დაკარგა კონტროლი, მოსკოვის საპატრიარქომ განაახლა ამბიციები, მართალია ეპისკოპოსის დადგინება სოხუმში ვეღარ გაბედეს, მაგრამ სამაგიეროდ მღვდლები ბლომად აკურთხეს და დაადგინეს. დღეს აფხაზეთის ეპარქია პარაქტიკულად მოსკოვის საპატრიარქოს ადიღე-მაიკოპის ეპარქიის შემადგენილი ნაწილია, საიდანც დგინდებიან მღვდლები, იგზავნება მოსკოვის პატრიარქის მიერ ნაკურთხი მირონი და სალიტურგიო ოდიკები. ამდენად, სადღესოდ მოსკოვის საპატრიარქო დე-ფაქტოდ მართავს აფხაზეთის ეპარქიას, ყველა მოქმედ ტაძარში (გარდა ახ. ათონისა) აღევლინება მოსკოვის პატრიარქ კირილეს სახელი. მათივე სამღვდელოების ნამოქმედარია ილორის დიდისტორიული ქართული ტაძრის დაზიანება და ქართული კვალის წაშლა-გარუსება. სამომავლოდ თუ კი მოსკოვის საპატრიარქო თავის მტაცებლობას რაიმე ფორმით ოფიციალურ სახელს დაარქმევს, მას ექნება იგივე “სამართლებრივი” ფასი, რაც პუტინის მიერ აფხაზეთის “სახელმწიფოს” აღიარებას, ანუ იქნება არაკანონიკური და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ არ აღიარებული. ჩვენ, ქართველები, თუ ვინმესთან ურთიერთობას უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ესაა არა მტერი, არამედ ის ძალები, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკლესიურად. მათ შორის ერთერთი, კი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო და მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალებია, ანუ მთელი ცივილიზებული სამყარო. ურიგო არ იქნება გავიხსენოთ, რომ ამ რამდენიმე წლის უკან მოსკოვის საპატრიარქოს სატელიტი ეკლესიის მეთაურმა, ჩეხეთისა და სლოვაკეთის “ავტოკეფალურმა” მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ გაავრცელა განცხადება, რომ აფხაზეთი და “სამხ. ოსეთი” საქართველოს ისტორიული და სამართლებრივი მიწები არ არისო. რა თქმა უნდა, მიტრ. ქრისტეფორეს ეს სამარცხვინო განცხადება რუსული დავალების შესრულება იყო და მეტი არაფერი, ეს იყო ერთგვარი ფონის მოსინჯვა. რაც ღიად გააცხადა უნეტარესმა ქრისტეფორემ, იმავეს ფიქრობს მოსკოვის პატრიარქი კირილე, ამდენად ქართველებმა უნდა ვისწავლოთ მტრისა და მოყვრის გარჩევა და საშვილიშვილოდ ნუ დავაქცევთ ჩვენს ქვეყანას შინაგამცემლობით და ეროვნული ინტერესების გაყიდვით. ომში მხოლოდ მტკიცე და მამაცი იმარჯვებს, მხდალი და კომფორმისტი მარცხდება… p.s. რუსეთის აგენტები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რუსეთუმეები დისკრედიტაციის მიზნით პოლიტიზირებას მაბრალებენ ხოლმე, მაგრამ რეალობა ისაა რომ საეკლესიო საკითხები მჭიდროდ დაკავშირებულია პოლიტიკასთან და სახელმწიფოს ცხოვრებასთან და ეს არ უნდა იწვევდეს ვინმეში გაკვირვებს, თუ პროფანი ან შეგნებული პროვოკატორი არ არის. ასევე, არც რუსოფობი (რუსთმოძულე) ვარ, მე რუსი ადამიანი კი არ მძულს, მძულს რუსული სისხლინი იმპერიალიზმი და მათი იმპერილისტური საეკლესიო იდეოლოგია, რასაც დიდი ხანია ეწირება საქართველოს განვითარება, მშვიდობა და სიჯანსაღე. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ჭაობში რაშიც ვართ, ერთმნიშვნელოვნად დამნაშავეა საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის დამოუკიდებლობის და ერთიანობის დაუცხრომელი ორასწლოვანი მტერი…”- წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები