ამირან გიგუაშვილი: მსოფლიოში, მათ შორის იერუსალიმში, ეკლესია მონასტრებთან და წმინდა ადგილებთან არის სავაჭრო ადგილები

ეკლესიის და მონასტრების სიკეთე ისიც არის, რომ გაჭირვებული ადამიანებისათვის შემოსავლის წყაროა და არა მგონია ქრისტე ამის წინააღმდეგი იყოს, – ამის შესახებ სამართალმცოდნე ამირან გიგუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გიგუაშვილი შესაბამისი პოსტით მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვის ფაქტს ეხმაურება.
“მთელ მსოფლიოში, მათ შორის იერუსალიმში, ეკლესია მონასტრებთან და წმინდა ადგილებთან არის სავაჭრო ადგილები, ზოგან უფრო მოწესრიგებული, ზოგან – ქაოტური. ეკლესიის და მონასტრების სიკეთე ისიც არის, რომ გაჭირვებული ადამიანებისათვის შემოსავლის წყაროა და არა მგონია, ქრისტე ამის წინააღმდეგი იყოს. პარალელი უფლის მიერ 2000 წლის წინ სავაჭრო დახლების აყრის, სრულიად უადგილოა, რადგან მან სახარების თანახმად, სწორედ ფარისეველი მღვდელმსახურები და სადუკეველები გამოყარა ტაძრიდან, რომლებიც ლოცვის ნაცვლად, უფლის სახელით ვაჭრობდნენ. არა მგონია, უფალს გაჭირვებულებისთვის წაერთმია ბოლო ლუკმა და ესეც ჩვენი თანამედროვე მართლმადიდებლობის დამახინჯებული აღქმაა, მათ შორის ეკლესიის მსახურებში, რისი მთავარი მიზეზიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გაუნათლებლობაა”, – წერს ამირან გიგუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ამის მიზეზი სასულიერო პირებსა და გარემოვაჭრეებს შორის არსებული დაპირისპირება გახდა.
ჯვრის მონასტრის საძმომ გუშინ განცხადება გაავრცელა და მონასტრის დაკეტვის მიზეზები განმარტა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა.
თავის მხრივ, მცხეთის მერი გოგიტა კაპანაძე აცხადებს, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს.
მცხეთის ჯვრის მონასტერი დღეს გაიხსნა. ტაძარში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები