“თუ პოროშენკო ამბობს, ჩვენ გავთავისუფლდით რუსეთის სულიერი ბორკილებისგანო, რატომ არ უნდა მივულოცოთ”

თეოლოგ ნუგზარ ბარდაველიძის განცხადებით, ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა და მილოცვა არ უნდა დააგვიანოს, – ამის შესახებ ბარდაველიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თუ პოროშენკო ამბობს, რომ ეს არის უდიდესი მოვლენა უკრაინის ხალხის, ქვეყნის, სახელმწიფოს ისტორიაში, ჩვენ გავნთავისუფლდით რუსეთის სულიერი ბორკილებისგან , ახლა ნამდვილად დამოუკიდებლები ვართ, რატომ არ უნდა მივულოცოთ?, – ამის შესახებ თეოლოგმა ნუგზარ ბარდაველიძემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება უკრაინის დამოუკიდებლობის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ეს პროცესი ძალიან ჩახლართულია. ვერ გაყოფ სახელმწიფო დამოუკიდებლობას და ეკლესიის დამოუკიდებლობას. ეს ერთი პროცესია. როცა ტომოსის გადაცემა მოხდა, იქ უკრაინის პრეზიდენტიც იყო ჩასული, მონაწილეობდა , ის მსოფლიო პატრიარქმა დააჯილდოვა. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის სიტყვა. რას ამბობს – უკრაინის დამოუკიდებლობა, ეს სიტყვა რაც რუსებს ყველაზე მეტად აცოფებთ, გადის უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე. ცალ-ცალკე მათი განხილვა არ შეიძლება. პოროშენკომ ეს განაცხადა, რომ ეკლესიის გათავისუფლებით რუსეთისგან ჩვენ სულიერად გავთავისუფლდითო. ეს არის უკრაინის ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგი.
აქედან გამომდინარე კითხვა ჩნდება- უნდა მივულოცოთ, თუ არ უნდა მივულოცოთ?
ეს არის უკრაინის დამოუკიდებლობის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი , როგორც თავად თვლიან მათი სულიერი გათავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ რატომ უნდა მიულოცოს უკრაინის ეკლესიას? მსოფლიში ყველა ცივილიზებული ქვეყანა სეკულარულია. ეკლესია მიულოცავს ეკლესიას. ხელისუფლებამ უნდა მიულოცოს ხელისუფლებას. თუ პოროშენკო ამბობს, რომ ეს არის უდიდესი მოვლენა უკრაინის ხალხის, ქვეყნის, სახელმწიფოს ისტორიაში , ჩვენ გავთავისუფლდით რუსეთის სულიერი ბორკილებისგან , ახლა ნამდვილად დამოუკიდებლები ვართ, რატომ არ უნდა მივულოცოთ? „- განაცხადა თეოლოგმა.
ბარდაველიძე მიიჩნევს, რომ პოზიცია საქართველოს ეკლესიამაც უნდა დააფიქსიროს.
„ძალიან ფრთხილი პოზიცია ბევრს არ მოსწონს. მაგალითად თქვენს მეგობრებზე აიღეთ – ძალიან ფრთხილი ვინცაა, ყველაფრის ეშინია , მის მიმართ ნდობა არ გაქვთ. ფსიქოლოგიურად ავიღოთ ასე უკრაინის და სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითი, რას იფიქრებენ? გამოდის, ჩვენ ისევ რუსეთის ჩრდილქვეშ ვართ, იმათ რომ არ ვაწყენინოთ, ისე ვიქცევით“- განაცხადა ბარდაველიძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, გუშინ განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.
„თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.
აღნიშნულ საკითხს, ქადაგებისას 13 იანვარს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი გამოეხმაურა.
“პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, საპატრიარქოსა და ხელისუფლების პოზიციას არ დაელოდა და უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა.
“ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს, რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს”, – წერია მიტროპოლიტ იოსების განცხადებაში.
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხს 11 იანვრის პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
„დღეს, მე როგორც კერძო პირი არ გესაუბრებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიამ, საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩემზე ნაკლებად არ იცის, რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნელოვანია. თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ რაღაცებს, რაღაც შედეგების გამო, რომელზედაც არ მინდა ახლა ხაზგასმა, მაგრამ ყველას გვესმის რას ეხება, არ შეიძლება, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე “პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები