ბათუმში, ძლიერი ქარის გამო 4 ადამიანი დაშავდა – შს სამინისტრომ გამოძიება 17 ფაქტზე დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, დაშავებულია სულ 4 ადამიანი. მედიკოსების პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქარმა ასევე დააზიანა შენობა-ნაგებობების სახურავები და საცხოვრებელი სახლების შუშები.
„დღის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 40 შეტყობინება. ყველა შემთხვევაზე პოლიციის თანამშრომლებმა და მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების გამაგრების და ქარისგან წაქცეული ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდითი სამუშაოები.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქეების დაშავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე (სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა) და 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო. რაც შეეხება ავტომობილების დაზიანების ფაქტებს – გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს“,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბათუმში, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო მოძრაობას არეგულირებენ. მოქალაქეთა უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველსაყოფად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის და ქვეითთა მოძრაობა შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები