მხატვრები ვეტერანების დასახმარებლად ერთიანდებიან

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებული საომარი მოქმედებების შშმ ვეტერანის, თადარიგის პოლკოვნიკ, თეიმურაზ ელისაშვილის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 20-31 იანვარს, პროექტის “მხატვრები ვეტერანების დასახმარებლად” ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, კერძო კოლექციებში დაცული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენა შეჭირვებული ვეტერანების დასახმარებლად იმართება და ნამუშევრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი მათ გადაეცემათ. აღნიშნული პროექტი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ლადო გუდიაშვილის (პარიზის პერიოდი), ზურაბ ნიჟარაძის (60-იანი წლები), ჯიბსონ ხუნდაძის, ვლადიმერ ცაგარელის, თენგიზ და გია მირზაშვილების, რუსუდან ჯავრიშვილის, ბუდუ სირბილაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ირაკლი სუთიძის, ირაკლი ოჩიაურის და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ექსპოზიციაზე, ასევე, გამოფენილი იქნება XIX-XX სააუკუნეებში მოღვაწე მხატვრების ი.შტენბერგის, ს.ივანოვის, ა.ნოვიკოვის და კ.ნაკოვის ნამუშევრები.
გამოფენა 20 იანვარს, 17:00 საათზე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები