“როცა შუაღამით მომნდომებია ჯვრის მონასტრის მოლოცვა, უხერხული დეტალები შემიმჩნევია, ადიოდნენ წყვილები და არაკორექტულადაც იქცეოდნენ… ეკლესიის კარი კი ყველასთვის ღია უნდა იყოს“

მცხეთის ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია. ტაძარში  ვერც მომლოცველები და ვერც ტურისტები ვერ შედიან. 
„კვირა“ დაუკავშირდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს მამა პეტრე (კოლხი) კვარაცხელიას და აზრის მომხდარის გამო გამოთქმა სთხოვა:

„მიზეზია საინტერესო, რატომ გახდა აუცილებელი, რომ სასულიერო პირებს ჯვრის მონასტრის შესასვლელისთვის ბოქლომი დაედოთ.
ამჯერად ჩემს სუბიექტურ აზრს გამოვხატავ: ხშირად, როცა ავსულვარ ტაძარში და თუნდაც შუაღამით მომნდომებია ჯვრის მონასტრის მოლოცვა, უხერხული დეტალები შემიმჩნევია. იქ ადიოდნენ წყვილები და ხშირად ძალიან არაკორექტულადაც იქცეოდნენ, ზედმეტიც მოსდიოდათ. ეს ყველაფერი მონასტრისთვის და გარშემომდებარე ტერიტორიებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. ამით ღვთის მადლს კი არ დავიმსახურებთ, პირიქით, შეიძლება ჩვენი არასწორი ქმედებების გამო მრავალი განსაცდელი ავიკიდოთ.
ალბათ ამ ტიპის გამოვლინებებით იქაური სასულიერო პირები, შეიძლება ითქვას, რომ შეწუხებულები იყვნენ და ამიტომაც მიიღეს რადიკალური გადაწყვეტილება“, – აცხადებს მამა პეტრე.
თუმცა, მისი აზრით, იმ უბრალო ადამიანების ინტერესებიც და უფლებებიც  გასათვალისწინებელია,  ვისთვისაც იქ ასვლა ნუგეში იყო, 24 საათის განმავლობაში, და არა მხოლოდ კონკრეტულ სათებში, როცა იქ წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.
„ზოგადად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეული მოწიწება და კრძალვა უნდა გვმართებს საეკლესიო სიწმინდეების მიმართ, და თუ ეს დამოკიდებულება არ გაგვაჩნია, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
ბუნებრივია, იქ მიიღებდნენ ასეთ ზომებს და დაადებდნენ ბოქლომს, ეს არავის უნდა გაუკვირდეს“, – აღნიშნავს მამა პეტრე.
როგორც იგი განმარტავს, მრავალი  ე.წ. ლიბერალი გამოხტა, პირდაპირ შეტევაზე გადავიდა და ადანაშაულებს სასულიერო პირებს, რომ ადამიანის უფლებებს არღვევენ და მათ ეკლესიის კარებს უკეტავენ, მაგრამ სიმართლე ისე ვერ დადგინდება, თუ ორივე მხარე არ იფიქრებს, რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დაიკეტა ეკლესიის კარი.
„ვიცით, რომ ეკლესიის კარი არავის არ ეკეტება, მაგრამ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ესაა საინტერესო. თუ იქ ვიღაცას პაემნის მოწყობა სურდა და წყვილები იმისთვის ადიოდნენ, რომ განცხრომაში ყოფილიყვნენ ტაძრის ეზოში შუაღამისას, ბუნებრივია, ეს უპასუხოდ არ დარჩებოდა, მაგრამ თუ ადამიანების უფლებები არ იქნებოდა გათვალისწინებული და უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით მხოლოდ თავიანთი გადაწყვეტილების გამო გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, ბუნებრივია, არც ეს არის სწორი, იმიტომ რომ ხალხს ამ შეჭირვების ჟამს ერთადერთი ნუგეშიღა დარჩა – ეკლესია, და ეკლესია ბევრად უფრო კაცთმოყვარე, ბევრად უფრო ჰუმანური და ბევრად უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს ადამიანების მიმართ.
ამბობენ, ეს გადაწყვეტილება გარემოვაჭრეებს უკავშირდებაო…
– ეგ მე არ ვიცი, რას უკავშირდება, მე მხოლოდ ჩემი პოზიცია გამოვხატე….
მოვაჭრეები ტაძრის შეიგნით არ ვაჭრობდნენ და ვფიქრობ, ძირითადად გარეთ ტაძრის შესასვლელთან, გალავანთან ხდებოდა ეს ყველაფერი.
თუ დღის მანძილზეც იქნება იქაურობა დაკეტილი და  იქ ტურისტებს  არ ექნებათ მოლოცვის საშუალება, ეს  ძალიან არასწორი ქმედებაა. შეიძლება  მათგან ზოგი მართლმადიდებელი არ იყოს და კათოლიკე, ან თუნდაც პროტესტანტი აღმოჩნდეს და იქაურობა, როგორც ისტორიული ძეგლი, ისე აინტერესებდეს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებები დარღვეულია და  არასწორი ქმედებაა, რომელსაც ალბათ გაითვალისწინებენ. ეკლესიის კარი ყველასთვის ღია უნდა იყოს“, – აცხადებს მამა პეტრე (კვარაცხელია).
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯვრის მონასტერში შექმნილ ვითარებაზე, სავარაუდოდ, დღეს, მონასტრის წინამძღვარი კონსტანტინე ჯინჭარაული განცხადებას გაავრცელებს.

ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები