ვლადიმერ ჩაჩიბაია: არცერთი სამხედრო მოსამსახურე სამსახურის მიღმა არ რჩება, ყველა გადანაწილებულია სხვადასხვა თანამდებობებზე (ვიდეო)

გენერალ-მაიორი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის სამინისტროდან მოსამსახურეებს უშვებენ, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ არცერთი მოსამსახურე სამსახურის გარეშე არ რჩება.
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.
გენერალ-მაიორი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებში ტრანსფორმაციის პროცესი მიმდინარეობს.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფთან და საქართველოში არსებულ ამერიკელი მრჩეველების ჯგუფთან იყო შეთანხმებული.
„ამ დღეებში გავახმაურე ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა თავდაცვის ძალებში გარკვეულ ტრანსფორმაციის პროცესს. ამ ტრანსფორმაციის პროცესში, რა თქმა უნდა, ჩართული იყო სპეცდანიშნულების ძალები. ის ინფორმაცია, რომელიც დღეს გახმოვანდა „რუსთავი 2-ზე“, არ შეესაბამება სიმართლეს. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩება სამსახურის მიღმა. ყველა სამხედრო მოსამსახურე არის დასაქმებული, ამას დაადასტურებს ჩვენი პერსონალის მართვის ცენტრის უფროსიც. ეს პროცესი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფთან ერთად და საქართველოში არსებული ამერიკელი მრჩეველების ჯგუფთან ერთად მოხდა ამ საკითხების განხილვა. სტრუქტურა-ორგანიზაცია მივიყვანეთ იმ სტანდარტებზე, რომელიც არის ნატო-ს წევრ ქვეყნებში. ეს არის აბსოლუტურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. ყველა ადამიანი იქნება დასაქმებული, არც ერთი მათგანი არ არის კადრების განყოფილების განკარგულებაში. ყველა გადანაწილებულია სხვადასხვა თანამდებობებზე. ყველა მეთაურმა იცოდა, რომ სპეცდანიშნულების ძალები ორ ლოკაციაზე გადანაწილდებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, არის მხოლოდ ერთი ლოკაცია -თბილისში. ოპერატიული მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რომლებსაც ითვალისწინებს ჩვენი თავდაცვის გეგმა, საჭიროა, ჩვენი შესაძლებლობები თანაბრად გადანაწილდეს, რათა საომარი მოქმედებების დროს ავტონომიურობის რეჟიმში ოპერატიულად იმოქმედოს სპეცდანიშნულების ძალებმა“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები