ცაგერის რაიონში, დეხვირსა და ლესინდში საველე-არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა

  ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ დეხვირსა და ლესინდში საველე-არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ დეხვირში, ახვლედიანების გორაზე არსებულ ციხეში გამოვლინდა შუასაკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიის ნანგრევი და ტერასულად განლაგებული რამდენიმე მარნის ნაშთი.
პირველი თხრილი გაკეთდა ახვლედიანების გორის სამხრეთით ადგილ ,,დეხვირის მინდორზე“ მდგარი კოშკის ნანგრევებზე კოშკი დაფარული იყო ეკალბარდებითა და მიწის კორდოვანი ფენით გათხრების შედეგად გამოვლინდა მიწის დონიდან 1,8 მ. სიმაღლეზე შემორჩენილი, თირზე ამოშენებული კოშკის ნაშთი. ოთხივე ფასადზე საპირე წყობა თითქმის მიწის დონემდეა შემოცლილი.
კოშკი აგებულია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. კოშკის ინტერიერში იატაკი კირხსნარითაა ნიველირებული, კედლის მაქსიმალური სიმაღლე 0,9 მეტრია. ინტერიერში დასტურდება შელესილობის კვალი. იგი შევსებული იყო ერთგვაროვანი ნანგრევებით. ადგილობრივთა გადმოცემით, კოშკიდან ჩრდილოეთით 10 მეტრის რადიუსში ფიქსირდება დაკირული ქვევრის ფრაგმენტები. სტრატიგრაფიულად კოშკი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფენა თარიღდება XIII-XIV და XVI-XIX საუკუნეებით.
სოფ. ლესინდში „ნაციხვარაზე“ სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კონუსურ ბორცვზე, ზედაპირული დაზვერვების შედეგად ბორცვზე ფიქსირდებოდა დუღაბის, კერამიკისა და ძვლოვანი მასალის ფრაგმენტები. გამოვლინდა კირხსნარიანი კედლების ჩამოშლილი ფრაგმენტები, რომლის აღების შედეგად დაფიქსირდა კარგად გათლილი ქვებით თირზე ამოყვანილი ერთ მეტრამდე სიმაღლის კედლის ფრაგმენტები. მთლიანად გამოვლინდა ჩრდილოთის მხარე. ასევე გაითხარა სამხრეთისა და აღმოსავლეთის საკვანძო ადგილები. გათხრების ამ ეტაპზე კულტურული ფენის სტრატიგრაფიის მიხედვით ძეგლი ერთფენიანი უნდა იყოს.

ექსპედიციის ხელმძღვანელი: როლანდ ისაკაძე; არქეოლოგი: შალვა ბუაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები