პრეზიდენტი: გიგა ოთხოზორიას ოჯახს “სამოქალაქო თავდადების” მედალი გადავეცით იმის სახსოვრად, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, პრეზიდენტის ნაძვის ხეზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტის მიერ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს “სამოქალაქო თავდადების” მედალი გადაეცა, იმის სახსოვრად, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები.
როგორც მან აღნიშნა, გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოისმინა ისეთი შერიგების სიტყვა, რომელიც მხოლოდ შვილმკვდარმა დედამ შეიძლება თქვას.
“დღეს გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ შვილდაღუპულმა დედამ თქვას და ახსენოს ჩვენი ერთობა.
ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს გულგახსნილობა, რომელიც შერიგების და ქვეყნის გამთლიანების საწინდარია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ცნობისათვის, პრეზიდენტი ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან და 11 შვილის დედასთან ერთად მივიდა.
„დღეს ბავშვების დღეა, მხიარული დღესასწაულია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, სად ვართ და ამიტომ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად. დღეს გადავეცით “სამოქალაქო თავდადების” მედალი, სახსოვრად იმისა, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები, მათი თავდადება და ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას. ხიდის იქით არიან ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. დღეს ვართ გაყოფილნი, მაგრამ ვართ ერთად. ამ დღესასწაულებზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გავერთიანდეთ, როგორ შევრიგდეთ, ეს არის ჩვენი ერთიანი მომავალი, საიდან, თუ არა ზუგდიდიდან, უნდა მივულოცოთ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს ხვალინდელი დღესასწაული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები