“დავალებებს არ ვაძლევ, ვუთანხმებ გუნდის წევრებს, რომ შეჯერებული პოზიცია გავახმოვანოთ მედიასთან, საზოგადოებასთან”

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებითა და განცხადებებით პოლიტიკური ოპონენტების წისქვილზე წყლის დასხმა არ შეიძლება.
როგორც მან აღნიშნა, გედევან ფოფხაძის გაწვევით გუნდმა მიიღო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება.
„აუცილებლად შევხვდები ეკა ბესელიას და ფრაქციის ყველა წევრს, ვისაც ამის სურვილი ექნება. გუშინ იყო ფრაქციის სხდომა. ჩვენ ვამბობდით ამ დახურულ სხდომაზეც და გარეთაც ვიმეორებთ, ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს. ჩვენ გუშინ არცერთი სიტყვა არ დაგვიძრავს. არც ფრაქციის რომელიმე წევრს, არც პარტიის ხელმძღვანელს არ უსაუბრია ვინმეს გარიცხვაზე. ჩვენ მივიღეთ ყველაზე რბილი გადაწყვეტილება იმ შემთხვევისათვის, როდესაც ერთის მხრივ, გუნდურობის წესი დაირღვა, ხოლო მეორეს მხრივ, პროცედურები და რეგლამენტის წესი. ამ რბილი გადაწყვეტილების ფარგლებში გამოვიწვიეთ კომიტეტიდან გედევან ფოფხაძე, რომ გარკვეული უხერხულობა თავად მასაც კი მოხსნოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მან და თალაკვაძემ დაურეკეს გედევან ფოფხაძეს და კომენტარის გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩიეს.
„ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩემი მხრიდან ასეთი ზარები ფრაქციის წევრებთან, როდესაც ხდება პოზიციების შეჯერება გუნდის შიგნით, როდესაც ხდება ამ პოზიციების გახმოვანება, შეჯერებული პოზიციების შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც გუნდის შიგნით მათ შორის სატელეფონო საშუალებით, თანხმდება ხოლმე კონკრეტული პოზიციის გახმოვანების საკითხი. მე წინასწარ ნამდვილად არ ვიცოდი, ვის დაასახელებდნენ. გედევან ფოფხაძემ თავად მითხრა, რომ იყო კონტაქტზე ანა დოლიძესთან და სხვათა შორის, მისგან შევიტყვე იმ მოსამართლეების ვინაობის შესახებ. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი, რაც ხდება ყოველ დღე, ჩვენი ზარები ერთმანეთთან, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. მე როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა მოვახდინე კოორდინირება. დავალებებს არ ვაძლევ, ვუთანხმებ გუნდის წევრებს, რომ შეჯერებული პოზიცია გავახმოვანოთ მედიასთან, საზოგადოებასთან. ჩვენ წინასწარ ვერ გავთვლით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე დამოუკიდებელი ორგანო. წინასწარ ამასთან დაკავშირებით მესიჯების გაშვება ყოველთვის იწვევს დაბნეულობას, გაურკვევლობას და ეს იყო ამის მიზეზი”, – აღნიშნა მდინარაძემ.
კითხვაზე, გუშინდელ შეხვედრაზე იყო თუ არა მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბარი, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტული პერსონალიების განხილვა არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები