71-ე ბაგა-ბაღში მომხდარ ინციდენტს, სადაც პიროტექნიკა აფეთქდა, დირექტორის მოადგილე და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი შეეწირნენ

71-ე საბავშვო ბაგა – ბაღში მომხდარ ფაქტს, სადაც საახალწლო ზეიმზე პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი აღსაზრდელი დაშავდა, დირექტორის მოადგილე და კიდევ რამდენიმე პირი შეეწირნენ.
როგორც „კვირას“ ბაღების სააგენტოში განუცხადეს, დირექტორის მოადგილე დირექტორის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა.
მათივე ინფორმაციით, ბაგა-ბაღის ერთ- ერთმა აღმზრდელმა და თანაშემწემ თავად მიმართეს დირექციას გათავისუფლების თხოვნით, რაც დაკმყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს 71-ე ბაგა-ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა სახის პიროტექნიკა ააფეთქეს, რის შედეგადაც 5 წლის ბიჭი დაშავდა. მან მარჯვენა ფეხის ბარძაყისა და წვივის დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, მომხდარ ფაქტს დირექტორი არ დასწრებია, რადგან იგი ამ დროს თბილისის მერიაში იმყოფებოდა.
შს სამინისტრომ თბილისის, 71-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ შსს -ს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები