მომხმარებლებისთვის, რომლებიც თბილისში გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ტარიფი იზრდება

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება.
ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომერციული ტარიფი აქამდე ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 80.5 თეთრი იყო.
„გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისათვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს, როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.
იმისათვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს შეეხება. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები