1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო ხდება

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო ხდება. შემოწმებას ის მსუბუქი ავტომობილებიც გაივლიან, რომლის ძრავის მოცულობაც 3 ათას კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია.
ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მფლობელებს ეტაპობრივად შეეხება და ეს ავტომობილის რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული.
3 იანვრიდან კი დაინტერსებული პირებისთვის ამოქმედდება ცხელი ხაზი – 1484.
ცხელ ხაზზე დარეკვა შესაძლებელია საერთო სარგებლობის ფიქსირებული და მობილური ქსელებიდან, მხოლოდ ნომრის – 1484 აკრეფით.
კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს დაეხმარებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირება მძღოლების ნაწილს უკვე შეეხო.
ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის.
მსუბუქმა ავტომობილებმა, რომელთა ძრავის მოცულობა 3.0-ზე მეტია, ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის ოქტომბრიდან უნდა გაიარონ, 3.0-ზე ნაკლები ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილებისთვის განსაზღვრული ვადა კი, 2019 წლის იანვარია.
მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარს შეადგენს.
2018 წლის პირველი იანვრიდან ასევე, სავალდებულო გახდა ტექდათვალიერება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც.
ინსპექტირების ვადები ავტომობილების ასაკზეა დამოკიდებული. 17 და მეტი წლის მანქანებს ტექდათვალიერება 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა გაევლო.
14-16 წლის ავტომობილებს 2018 წლის პირველ ივლისამდე, 11-13 წლის ავტომობილებზე 2019 წლის პირველი იანვარია განსაზღვრული, ხოლო 1-10 წლის ავტომანქანებისთვის ტექდათვალიერების საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისია.
სავალდებულო სერტიფიკატისთვის გადასახდელი თანხა 90 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს. ჯარიმა კი 100 ლარია. რაც შეეხება კატალიზატორს, სავალდებულო 2020 წლიდან გახდება.
სიახლეა ისიც, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს მოეთხოვებათ, ფარები მოიყვანონ წესრიგში, რათა არ შეუშალონ ხელი შემხვედრ ავტომობილს.
საჭის გადატანა 2018 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალა, უკვე საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის კი, შეზღუდვა არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები