ბაგა-ბაღში საახალწლო ზეიმი პიროტექნიკის აფეთქებამ ჩაშალა – როგორ აღმოჩნდა შენობაში ასაფეთქებლები ადმინისტრაციის დაუკითხავად (ვიდეო)

საბავშვო ბაგა-ბაღში გამართულ საახალწლო ზეიმს, სადაც პიროტექნიკა ააფეთქეს, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. სხვადასხვა პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, შენობაში მყოფ აღსაზრდელებს შეეშინდათ, რის გამოც ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს. ამასთან, ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. გაირკვა, რომ აღნიშნული ფაქტი თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, 71-ე საბავშვო ბაღში მოხდა.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი ოთხშაბათს, 26 დეკემბერს ჩატარდა, თუმცა ღონისძიებას ბაღის დირექტორი არ ესწრებოდა და პასუხისმგებლობა დირექტორის მოადგილეს ეკისრებოდა. ამის შესახებ „კვირას“ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განუცხადა. კახა გვანცელაძის შეფასებით, 71 -ე ბაგა-ბაღში საახალწლო ღონისძიებაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. მისი თქმით, პიროტექნიკა ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მშობელმა საკუთარი ინიციატივით შეიტანა, ისე, რომ ბაღის ადმინისტრაციამ არ იცოდა, თუმცა სწორედ აღნიშნული ინფორმაცია ხდება საეჭვო. გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა საახალწლო ზეიმზე პიროტექნიკა ისე, რომ მშობელმა ბაღის დირექტორი ან დირექტორის მოადგილე არ გააფრთხილა. აღმოჩნდა, რომ ღონისძიების დროს, დირექტორი ბაგა-ბაღების სააგენტოში შესყიდვების საკითხზე იმყოფებოდა. უკან დაბრუნებულმა კი მომხდარი ფაქტის შესახებ კახა გვანცელაძეს ტელეფონით შეატყობინა.
კახა გვანცელაძე ამბობს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახური მოკვლევას აწარმოებს. ამ ეტაპზე, გამოკითხულია რამდენიმე პირი. მათ ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ, რომლებშიც გამოკითხულები განმარტავენ, რომ შენობაში პიროტექნიკა მშობელმა შეიტანა. სააგენტო მოკვლეულ მასალებს მომავალ კვირას შს სამინისტროს გადაუგზავნის.
„უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება ამ ფაქტს და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, ვინც ამ ღონისძიებაზე იყო პასუხისმგებელი, ამ შემთხვევაში 71 -ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილეს“, – აცხადებს კახა გვანცელაძე.
რაც შეეხება თავად 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორს, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
“კვირა” თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები