სალომე ზურაბიშვილი წლის ადამიანად დასახელდა

გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” გამოკითხვით საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი წლის ადამიანად დასახელდა.
გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” მენეჯმენტის, ჟურნალისტებისა და ტრადიციული რესპოდენტების გამოკითხვა წლის ადამიანის დასადგენად 1999 წლიდან ტარდება. წელს ამ გამოკითხვის შედეგად საუკეთესოდ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი დასახელდა. მეორე – ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენი, პლანეტის უძლიერესი ადამიანი ლაშა ტალახაძეა. მესამე – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II .
რესპოდენტებმა საკამაოდ საინტერესო ათეული დაასახელეს. არც სხვა თვალსაჩინო პიროვნებები გამორჩენიათ და გაზეთი მათ ვინაობასაც გამცნობთ.
ამ გამოკითხვისას მისი თითოეული მონაწილე ასახელებს წლის სამ საუკეთესო პიროვნებას ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებმაც საქართველოში ან საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებში, წლის განმავლობაში, განსაკუთრებული როლი შეასრულეს. ქულების შეჯამების შემდეგ დგინდება გამოკითხვის გამარჯვებული და საუკეთესო ათეული. გამოკითხვის შედეგები ქვეყნდება გაზეთის საახალწლო ნომერში.
გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” სოციოლოგიურმა ჯგუფმა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, გაზეთის ჟურნალისტებმა, მენეჯმენტმა და რესპოდენტებმა დაასახელეს ,,წლის ადამიანი”. გამოიკვეთა პირველი სამეული და ათი საუკეთესო.
გთავაზობთ, აღნიშნული გამოკითხვის შედეგებს. პიროვნებები სიაში დასახელებულნი არიან გამოკითხვისას მიღებული ქულების შესაბამისად. თითოეული ჟურნალისტის და თითოეული რესპოდენტის მიერ დასახელებულ სამ ნომინანტს ენიჭებოდა პირველი ადგილისთვის – 10 ქულა, მეორე ადგილისთვის – 7, ხოლო მესამე ადგილისთვის – 5 ქულა. გამოკითხვის მონაწილეებს ტექნიკური ჯგუფი ამცნობდა, რომ შეეძლოთ სავარაუდო გამარჯვებულად, როგორც ერთი ადამიანის, ისე ადამიანთა ჯგუფის დასახელება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოეთში მცხოვრები ქართველების ან საქართველოს მოქალაქეების, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების.

– სხვადასხვა წელს, 1999 წლიდან მოყოლებული, წლის ადამიანებად ,,ბანკები და ფინანსების” გამოკითხვის შედეგად აღიარებულ იქნენ:
– ედუარდ შევარდნაძე
– ნინო ანანიაშვილი
– გიორგი კანდელაკი
– ილია II (შვიდჯერ)
– მიხეილ სააკაშვილი (ორჯერ)
– ზურაბ ჟვანია
– გიგა ბოკერია
– ბიძინა ივანიშვილი (ორჯერ)
– თბილისში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეები
– ლაშა ტალახაძე
გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ გამოკითხვის ფავორიტების ათეულს, გილოცავთ შობა–ახალწელიწადს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!
ბექა ციხისელი

1. სალომე ზურაბიშვილი

მეოცე საუკუნის 20–იანი წლების პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა შთამომავალი, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გახდა. მას ბევრი ღირსება აქვს და მათ შორის ის, რომ პროფესიონალი პოლიტიკოსია. მისი კანდიდატურა თითქოსდა არ იყო რეიტინგული, მის განადგურებას თითქოსდა გარდუვალს ხდიდა პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ანტიპიარი და მარგინალიზაციის სერიოზული ტალღა. სალომე ზურაბიშვილმა მოიმხრო ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანი, მოიმხრო მმართველი პარტია, რომლის შიგნითაც მისი პიროვნებისადმი არ იყო ერთგვაროვანი დამოკიდებულება და შეძლო დასახული მიზნის მიღწევა. მისი ხედვები თანმიმდევრული და პრინციპულია, თავად ის გულწრფელი და პირდაპირი. სალომე ზურაბიშვილმა შეძლო ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილის მხარდაჭერა მიეღო და, მიუხედავად სახელისუფლო რესურსის გამოყენებისა მმართველი პარტიის მიერ, ობიექტურად და სამართლიანად შეძლო საქართველოს მოქალაქეთა დარწმუნება, რომ მისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე უალტერნატივო იყო.

2. ლაშა ტალახაძე

საჩხერელი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ახალი მსოფლიო რეკორდებიც დაამყარა. ქართული ნიჭიერების, მიზანსწრაფულობის და ნებისყოფის უდრეკობის სიმბოლო მოწოდებულია, რომ ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატამდე სულ ცოტახნით ადრე მავანმა გული დაუმსახურებლად ატკინა, ნამდვილმა რაინდმა ამ გულის ტკენას ჩემპიონობით და ახალი რეკორდებით უპასუხა.

3. ილია II

41–ე წელიც მიილია უწმიდესის და უნეტარესის აღსაყდრებიდან. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მისმა წინამძღოლმა წლევანდელ ურთულეს გამოწვევებსაც ღირსეული პოზიცია შეაგება. მხცოვანმა პატრიარქმა კვლავ ღირსეულად იტვირთა ერის სულიერი მამის მისია. მან იცის მხოლოდ რაოდენ საფრთხილოა ამ აჭრილ და აზვირთებულ მსოფლიოში ჩვენი ძირძველი და გაცოტავებული ერის წინამძღოლობა.
ზოგიერთები ვთხოვდით და მას უკეთ ესმოდა, ჩვენზე უკეთ, რომ თანამოსაყდრის დასახელება დაამშვიდებდა სიტუაციას. ის ასეც მოიქცა და შექმნა ახალი მოცემულობა, რომელიც გამორიცხავს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაშლას და დასუსტებას, რაზეც ესოდენ ოცნებობენ მრავალი წელია მავანნი. მისი მოღვაწეობა არის სახე, მაგალითი ჩვენი ეროვნული მისწრაფებების, პროქართულობის და პროდასავლურობის, ყველა შინა და გარე მეზობელთან მშვიდობიანი თანაცხოვრების.

4. ბიძინა ივანიშვილი

ცდება ვინც ფიქრობს, რომ ის არაფორმალური მმართველია. ის ფაქტობრივი მმართველია და თავისი ისტორიული მისია აქვს ერისა და ქვეყნის წინაშე შესასრულებელი. რა თქმა უნდა, არაფორმალური ასპექტი მისი მმართველობის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია და ეს მას კარგად აქვს გაცნობიერებული. მაგრამ რაა ალტერნატივა? “ნაციონალების” ხელისუფლებაში დაბრუნება, თავიანთი საქმიანობის ადეკვატური კრიტიკული შეფასებისა და დანაშაულებრივი ქმედებებისა და დაშვებული შეცდომებისთვის პასუხისმგებელი პირების პოლიტიკიდან წასვლის გარეშე? არა! და ეს მან იცის. მყისიერად და ოპერატიულად შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში “ოცნების” კანტიდატის ფაქტობრივი დამარცხება და ქვეყნის მოსახლეობას გულწრფელი სიტყვით მიმართა. ვნახოთ, შეასრულებს ის მოცემულ სიტყვას.

5. ნიკა გვარამია

მიუხედავად იმისა, რომ ქართული თავისუფალი მედიის ფლაგმანი “რუსთავი 2” ბოლო წლებში “ნაციონალური” პარტიული პროპაგანდის ცენტრად იქცა, მისი როლი ოპოზიციის კონსოლიდაციაში და 800 000 ხმის მობილიზებაში ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ ძნელია გადაჭარბებით შეაფასო. ის გასული წლის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ცხოვრების უდაოდ წამყვანი ფიგურანტი იყო.

6. ნიკოლ ფაშინიანი

სომეხი ხალხის ფაქტობრივად ერთსულოვანი ნებით ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის ლიდერად მისი არჩევა საქართველოსთვისაც სასიკეთოა. მას მიეწერება დაუდასტურებელი განცხადება იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში სომხების ბრძოლა ქართველების წინააღმდეგ შეცდომა იყო, აგრეთვე დადასტურებული განცხადება, რომ მისი აზრით საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის შესაბამის სიმაღლეზე აყვანა მისი მთავრობის პრიორიტეტი იქნება. ქართულ–სომხური ურთიერთობები ბოლო წლებში აშკარად უკეთესის სურვილს იწვევდა. ფაშინიანის პოზიცია კი გვაიმედებს, რომ მშვიდობიანი კავკასია, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს თანამშრომლობა უტოპია არ არის და იგი რეალურია.

7. ირმა ინაშვილი

წელსაც ჩვეულად იყო შეუპოვარი, პრინციპული და თანმიმდევრული. შესაძლოა, თავისუფლების მოედანზე აქციაც მთლად 100 000–იანი არ იყო, მაგრამ არც ბევრი აკლდა. ირმა ინაშვილმა ცხადყო, რომ სახალხო ლიდერია და “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველი რომც არ ყოფილიყო თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციის ყველა მონაწილე. გამოჩნდა, რომ სადღეისოდ “პატრიოტთა ალიანსი” სერიოზული ძალაა, ხოლო ირმა ინაშვილი მისი ღირსეული პოლიტიკური ლიდერი.

8. მიხეილ სააკაშვილი

მან წელსაც დაადასტურა, რომ ის “გაჭრილი კარტი” არ არის, რომ იგი ქართული პოლიტიკური სივრცის რეალური პერსონაჟია. მსჯავრდებულმა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილმა “ნაციონალური” ოპოზიციის კონსოლიდაციაში და საპრეზიდენტო არჩევნებში 40%–იან შედეგში მთავარი როლი შეასრულა.

9. ვახტანგ ჭარაია

მეცნიერების და განათლების როლი და მნიშვნელობა ქვეყანაში დღითიდღე სულ უფრო დაკნინებული ხდება. ასეთ ვითარებაში, ახალგაზრდა ეკონომისტი თანმიმდევრულად იმაღლებს პროფესიულ დონეს. ვახტანგ ჭარაია “წლის ახალგაზრდა მეცნიერი” გახდა. იგი თავისი საქმიანობით გვახსენებს, რომ ახალგაზრდა თაობას, განათლებას და მეცნიერებას მეტი ყურადღება და დაფასება სჭირდება.

10. ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტიკოსებისადმი საზოგადოების უნდობლობა მომავალმა თაობამ უნდა დაძლიოს. მათ შორის უდაოდ არის ლევან ლორთქიფანიძე, თავისი ერუდიციით და ლოგიკური აზროვნებით გამორჩეული პიროვნება. ახალგაზრდა ლექტორის წლევანდელი საქმიანობა, საჯარო გამოსვლები ცხადყოფს, რომ მომავალი თაობის პოლიტიკოსები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის უამრავი პრობლემის მოგვარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები