ეკა ბესელია: თუ კითხვებზე პასუხის გაცემა მომიწევს, ეს პასუხები არ იქნება ტკბილი

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მისი წასვლის შემდეგ, საქმეების გადაბარებამდე კონსულტაციების გამართვა აუცილებელია.
ამ საკითხთან დაკავშირებით იგი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ხვდება.
„რომ ვხვდებით, ეგ კი არ არის გასაკვირი, რომ არ შევხვდეთ ის არის გასაკვირი, იმდენი საკითხია გასავლელი.
კონსულტაციები აუცილებელია იმიტომ, რომ ამ წუთას არის შექმნილი ვითარება ისეთი, რომ იურიდიულ კომიტეტს არ ეყოლება ორშაბათიდან არც თავმჯდომარე და არც პირველი მოადგილე. ჩემი განცხადება ბიუროს ექნება უკვე ორშაბათსვე, მაგრამ იქამდე პირველი მოადგილის საკითხი არის გასარკვევი იმიტომ, რომ მან უნდა შეასრულოს თავმჯდომარის მოვალეობა იქამდე, ვიდრე თავმჯდომარეს ავირჩევთ პლენარულ სესიაზე, ეს იქნება საგაზაფხულო სესიაზე, თებერვალში.
​საბოლოოდ, ამ პროცესის ისე წარმართვა მოხდება, რომ კრიტერიუმები დადგინდეს, კანონში ცვლილება შევიდეს და გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს მიღებული”, – ამბობს ბესელია.
მისივე თქმით, გუნდის წევრების ნაწილთან, გარკვეულ საკითხებზე, განსხვავებული პოზიციები აქვს და გუნდში დაპირისპირება არ არსებობს.
“თუ მომიწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა და თუ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგები, რომ იქნება ისეთი გამონათქვამები, რომელიც არ იქნება რეალური და სიმართლე, ყველაფერს პასუხი გაეცემა და ჩემი პასუხი არ იქნება ტკბილი,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები