ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე კომიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.
„ჩვენ დავიწყეთ იმით, რაც არის მნიშვნელოვანი საფუძველი სწორი, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი სამუშაოსთვის, ანუ შევქმენით სტრატეგია 2018-2020 წლებისთვის, სადაც სამოქმედო გეგმასთან ერთად გაიწერა ყველა საჭირო ღონისძიება კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო სამუშაოებისათვის. მთავარი საკითხი, რომლის ირგვლივ განლაგდება მნიშვნელოვან საკითხთა სპექტრი რეგიონულ პოლიტიკაში, გახლავთ დეცენტრალიზაციის რეფორმა, რადგან ეს პოლიტიკა იძლევა შესაძლებლობას საკმარისი უფლებრივი და ფინანსური შესაძლებლობებით მოვამარაგოთ რეგიონები, მათი თანაბარი განვითარებისთვის“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
როგორც ზაზა გაბუნიამ განაცხადა, კომიტეტის ინიციატივით წელს შეიქმნა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მუდმივმოქმედი ფორუმი -ქვეყნის უმაღლესი პირების, პარლამენტარების, მინისტრების, გუბერნატორების, მერების, საკრებულოების თავმჯდომარეების, ექსპერტების მონაწილეობით.
ფორუმზე მიმდინარეობდა დეცენტრალიზაციის რეფორმის და მასთან დაკავშირებულ არსებით საკითხებზე მსჯელობა: „იმისთვის, რომ რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველი იყოს მოქალაქეებისთვის, კოჰეზიის პოლიტიკის, ანუ რეგიონებს შორის უთანაბრობის შემცირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ცენტრსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონოდა მუდმივმოქმედი ინსტიტუციური სივრცე, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება არა უფროს-უმცროსობის, არამედ პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებით ითანამშრომლებდნენ. სწორედ ამ მიზნით შევქმენით მაღალი დონის საკონსულტაციო მექანიზმი – სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მუდმივმოქმედი ფორუმი“.
ძალიან აქტიური სამუშაო წლის განმავლობაში კომიტეტის სხდომებზე განხილულ იქნა 75 საკითხი, მათ შორის: კანონის პროექტი – 32, მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი 23 ხელშეკრულება და შეთანხმება, საკომიტეტო ზედამხედველობის და კონტროლის საკითხებზე უფლებამოსილების სუბიექტების მიერ წარმოდგენილი 15 მოხსენება და ინფორმაცია, კომიტეტის მიერ ინიცირებული 2 დადგენილების პროექტი.
კომიტეტის მიერ მიღებულია 75 დასკვნა და რეკომენდაცია, მათ შორის: წამყვანი კომიტეტის სტატუსით -15, სავალდებულო ფორმატით – 60.
საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილების განხორციელებას მიეძღვნა 21 მნიშვნელოვანი ღონისძიება. კომიტეტის წინაშე მთავრობის, სამინისტროების წარმომადგენლები 42-ჯერ წარდგნენ.
საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერების მიზნით, კომიტეტი აქტიურად იყენებს გასვლითი სხდომების პრაქტიკას და გეგმავს ამ ინსტრუმენტის კიდევ უფრო ძლიერად გამოყენებას მომავალ წელს.
საკანონმდებლო საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კუთხით, აქტიურად მუშაობს კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც საექსპერტო და აკადემიური წრეების ფართო სპექტრია წარმოდგენილი.
„წელს კომიტეტის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა საქართველოში თვითმმართველობის, ანუ მაშინდელი ტერმინით, საერობო არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს. ეს ღონისძიება გამორჩეული იყო იმით, რომ ნათლად აჩვენებს დიდ წარსულს, რომელიც საქართველოს აქვს ამ საკითხში, რადგან ძალიან ღრმა და კვალიფიციური იყო მაშინდელი აზრი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის საკითხების შესახებ და ამავდროულად გვიჩვენებს, რომ გამოწვევები რომელიც წინ გვაქვს, თამამი, გაბედული, კვალიფიციური და პროფესიონალური გადაწყვეტილებებით უნდა იქნეს დაძლეული მომავალშიც“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები