„ახალგაზრდა ადვოკატები” ხვალ 2018 წლის საქმიანობას შეაჯამებს და დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს და სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტურ კორპუსს სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოებს.
„წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.
ორგანიზაცია გამართავს 2018 წლის საქმიანობის შესახებ მომზადებული ჟურნალის პრეზენტაციას, საზოგადოებას წარუდგენს საქმიანობის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლს, წარმოდგენილი იქნება ახალი ინიციატივები და წინადადებები, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2019 წლის საქმიანობას და პრიორიტეტებს განსაზღვრავს“,- აცხადებენ ორგანზიაციაში.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ჟურნალისტური კორპუსი, ორგანიზაციის პარტნიორები და მეგობრები დაესწრებიან. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 18:30 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, აღნიშნული ღონისძიება ორგანიზაციის ტრადიციული და მთავარი ღონისძიებაა, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა.