“ქუთაისის ისტორია არ იწყება და არ სრულდება პარლამენტის შენობით, ამ ქალაქს ჩვენი ისტორიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფესვები აქვს”

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტის შენობის საკითხის შესახებ, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„მინდა დიდი მადლიერებითა და პატივისცემით მივმართო ქუთაისის მოსახლეობას. ჩვენ, საქართველოს პარლამენტის პლენარული სესიების პერიოდში გვქონდა ქუთაისის არაჩვეულებრივ საზოგადოებასთან ხშირი შეხვედრების შესაძლებლობა. მადლობელი ვარ ამ ურთიერთობებისთვის, ამ გამოცდილებისთვის.
ქუთაისის ისტორია არ იწყება და არ სრულდება პარლამენტის შენობით, პარლამენტის ადგილმდებარეობით. ეს არის ქალაქი, ეს არის მხარე, რომელსაც ჩვენი ისტორიისთვის აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ფესვები.
ქუთაისს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივები სჭირდება. ერთ-ერთ საკითხს გავიხსენებდი, 2011 წელს ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პრაქტიკულად “შტურმით” აღებას. რეალურად თუ გვსურს ქუთაისისთვის სასიკეთო საქმეების შექმნა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე არ უნდა ყოფილიყო ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებული.
ჩვენ ვმუშაობთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს დაუბრუნდეს ღირსეული სამუშაო პირობები. არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება ქუთაისში და შესაბამისად, ჩვენ სწორედ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ინიციატივებით დავუდასტურებთ ჩვენ პატივისცემას ქუთაისის საზოგადოებას და შევუწყობთ რეგიონის განვითარებას ხელს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში გადატანის წინააღმდეგია. „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, პარლამენტის თბილისში გადატანა წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯია,- „თქვენს მიერ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები